ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდამდე "რუსთავი 2-თან" კომენტარი გააკეთა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩი ამბობს, რომ მოლაპარაკების რესურსი არსებობს და ის გრძელდება. როდის გაიმართება შემდეგი შეხვედრა ამ დრომდე უცნობია. ფასილიტატორი ელჩების შუამავლობით მხარეების შეხვედრა არჩევნების მეორე რაუნდის შემდეგ არ გამართულა.
საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას თქმით, ფასილიტატორი ელჩები რჩევებს იძლევიან, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მაინც ქართველ ხალხზეა დამოკიდებული.
"ეს სწორი და მართებული იქნებოდა ჩვენ რომ გვქონდეს ისეთი პოლიტიკური სისტემა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები მუშაობენ, მათ შორის პარლამენტი, სასამართლო, აღმასრულებელი თუ საარჩევნო კომისიები. როდესაც ეს ინსტიტუციები ჩამოშლილია, რეალურად ისინი წარმოადგენენ ოლიგარქების მომსახურეობის სააგენტოებს, მაშინ ასეთ პროცესში მონაწილეობა ნიშნავს, რომ შენ თავად უწყობ ხელს ასეთ უკანონობას. ჩვენს ნაცვლად ამ ქვეყანას ვერავინ ვერ ააშენებს. ისინი ბუნებრივია მეგობრულ რჩევებს გვაძლევენ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებულია ქართველ ხალხზე," - აცხადებს გიორგი გუგავა.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ როგორც მმართველი პარტია, ასევე ოპოზიცია - ყველა უნდა შევიდეს პარლამენტში, ოღონდ ეს ნამდვილი პარლამენტი უნდა იყოს.
"ზოგადად ჩვენ ყველანი უნდა შევიდეთ საქართველოს პარლამენტში, ოღონდ ეს უნდა იყოს მართლა პარლამენტი. შესვლა რაღაც შენობაში ისე, რომ ყველამ იცის, რომ არჩევნები მოიპარეს და ხელისუფლებას ამის გამო საერთოდ არანაირად პასუხი არ უგია, მოპარულ არჩევნებში შესვლა არის ზოგადად ამ იდეის, არჩევნების გაქრობის მხარდაჭერა. მოწოდება არის ორივე მხრიდან, რომ ორივე მხარემ რაღაც დათმოს, რომ შედგეს კონსენსუსი. ფასილიტატორი ელჩების მიზანი ამ წუთას არის პოზიციების დაახლოება," - აცხადებს იაგო ხვიჩია.