საქართველოს "ნატოში" წევრობისთვის ახალი სტატუსის შექმნის იდეაზე საუბრობს ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე.
როგორც "ატლანტიკური საბჭოს" ორგანიზებით გამართულ შეხვედრაზე ალექსანდერ ვერშბოუმ განაცხადა, დასავლეთმა NATO-ს გაძლიერების საშუალებით წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს რუსულ აგრესიას ყველა სფეროში და დაეხმაროს უკრაინას, საქართველოსა და ბელარუსს თავიანთი სუვერენიტეტის დაცვაში.
ვერშბოუ განმარტავს, რომ უკრაინასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობისკენ სწრაფვისთვის ახალი სტატუსის შექმნა, შესაძლოა, კარგი იდეა იყოს.
"ჩვენ პირობა დავდეთ, რომ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან, მაგრამ ვერ გავითვალისწინეთ, როგორ შეიძლება მივაღწიოთ ამას. შესაძლოა, ეს მოხერხდეს რაიმე ახალი, ასოცირებული წევრის სტატუსის შექმნით, უკრაინისთვის და საქართველოსთვის. მოსკოვთან უკეთესი ურთიერთობების სამსხვერპლოზე, ნუ შესწირავთ სხვა ქვეყნებს. წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსულ აგრესიას ყველა სფეროში, ნატოს გაძლიერების საშუალებით. პოლიტიკური ჩარევისგან თავის დაცვასა და კიბერუსაფრთხოების შექმნაში, უნდა დავეხმაროთ უკრაინას, საქართველოსა და ახლა უკვე ბელარუსს, რათა დაიცვან საკუთარი სუვერენიტეტი. რუსეთის აგრესიული ქცევის საწინააღმდეგოდ, უნდა გავზარდოთ ხარჯები. მაგრამ, ამ ყველაფრის თქმისას, ჩვენ ასევე ვიცით, რომ აქ არ არსებობს სწრაფი გაუმჯობესების პერსპექტივა. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ უნდა ვიყოთ მომთმენნი და მტკიცე ჩვენი პრინციპების დაცვაში. პუტინი, ხელისუფლებაში შესაძლოა კიდევ 10, 16 ან მეტი წლის განმავკლობაში დარჩეს და მან აირჩიოს პოლიტიკური კონტროლის შენარჩუნება იმ ნარატივის გაგრძელებით, რომ დასავლეთმა რუსეთის დამარცხება გადაწყვიტა და უარყო მისი ღირსეული ადგილი მსოფლიოში,"-აცხადებს ნატოს გენერალური მდივნის ყოფილი მოადგილე, აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს საპატიო წევრი ალექსანდრ ვერშბოუ.
"რუსეთის საკითხებზე მომუშავე დასავლელი სპეციალისტები ყოველთვის ამბობენ, რომ რუსეთი არასდროს იქნება იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე ახლაა. ამიტომ გვირჩევენ, ვიმოქმედოთ რუსეთთან, როგორიც ის არის. ამ რჩევის მიღება ძალიან რთულია, რადგან რუსეთი ეს არის ავტორიტარული კლეპტოკრატია, რომელიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად პოლიტიკურ მკვლელობებს, ატორიტარულ ტაქტიკებს იყენებს მეზობლების დასამორჩილებლად, ომის და დაშინების გზებს მიმართავს. ასევე, თავს ესხმის დემოკრატიას ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ყველაფერი არ არის კარგი საფუძველი, მასთან მდგრადი უერთიერთობისთვის. მაგრამ, არსებობენ ანალიტიკოსები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერში წვლილი ჩვენც მიგვიძღვის. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთმა, ხელი შეუწყვეს რუსეთის გაუცხოებას. ამიტომ, პუტინის რუსეთის შექმნა, გარკვეულწილად ჩვენი პასუხისმგებლობაცაა,"-აცხადებს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ატლანტიკური საბჭოს ევროპისა და ევრაზიის ცენტრის ხელმძღვანელი დენიელ ფრიდი.