პოლიტიკური სპექტრი მოლაპარაკების მესამე რაუნდის მოლოდინშია. მრგვალი მაგიდის შეკრებამდე ფასილიტატორი ელჩები პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვედრებს განაგრძობენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში უკვე მივიდა ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. როგორც ჰარცელმა დღეს "კურიერს" უთხრა, ორმხრივი პროცესი გრძელდება, რადგან მოლაპარაკებების პერსპექტივა არსებობს.
"რა თქმა უნდა, არსებობს მოლაპარაკებების პერსპექტივა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ პროცესს. ვეძებთ გზებს დავრწმუნდეთ, რომ არსებობს შესაძლებლობები, რომელიც მოლაპარაკებებს წინ წაწევს,"- განაცხადა კარლ ჰარცელმა.
აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერს, შალვა ნათელაშვილს ელოდებიან. როგორც "კურიერისთვის" გახდა ცნობილი, დღესვე ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრაზე მივა პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალექსანდრე ელისაშვილიც.
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ოპონენტების პოზიცია კვლავ უცვლელია და ისინი ამბობენ, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების ბერკეტი მმართველი გუნდის ხელშია, უმრავლესობის წევრები კი, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას გამორიცხავენ.