17 ნოემბერი 2024,   17:16
ვრცლად
მორიგი ე.წ ხელშეკრულება მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის - ოპოზიცია მმართველი გუნდის არასათანადო მუშაობაზე საუბრობს

მოსკოვსა და ოკუპირებულ სოხუმს შორის გაფორმებულ მორიგ ე.წ ხელშეკრულებას, რომელსაც საქართველოს საგარეო უწყება ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს, შეფასებები მოჰყვა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიცია მმართველი გუნდის არასათანადო მუშაობაზე საუბრობს. "ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი კანდელაკის თქმით, სანამ "ქართული ოცნება" იქნება ქვეყნის სათავეში ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება:

"აშშ-ს, ევროკავშირს და რუსეთს შორის ორმხრივ დღის წესრიგში ჩვენი დეოკუპაციის საკითხის მოხვედრის გარდა ამ პრობლემას წამალი არ აქვს. ყოველ ჯერზე, როდესაც მაგალითად "ევროპული საქართველო" პარლამენტის რეზოლუციით ცდილობდა, რომ აშშ-ის და ევროკავშირის სანქციებში მოხვედრილიყო ჩვენი დეოკუპაციის საკითხი ან იგივე დევნილთათვის წართმეული სახლების გაქირავების საკითხი, "ქართული ოცნება" ამაზე ამბობდა, რომ ეს არის ღალატი და ნაგვის ურნაში ისროდა ამ რეზოლუციებს. ასე რომ სანამ "ქართული ოცნება" იქნება სათავეში ოკუპაციის პრობლემა მხოლოდ გაღრმავდება," - განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ოკუპაციიდან ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს რუსეთის ქმედებას "ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა. მისი თქმით, ეს შესაძლებელია გამოწვეული იყოს რეგიონში მიმდინარე პროცესებით, თუმცა ოპოზიციონერი პოლიტიკოსის აზრით ამაში დიდ როლს თამაშობს "ქართული ოცნების" მაამებლური პოლიტიკაც რუსეთის მიმართ:

"ეს შეიძლება იყოს ერთგვარი სიგნალი ოკუპაციის რეჟიმიდან ანექსიის რეჟიმისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯისა, რაც რა თქმა უნდა არის უკიდურესად შემაშფოთებელი. შეიძლება გამოწვეული იყოს მათ შორის რეგიონული კონტექსტით, მაგრამ ასევე სამწუხარო იმ მაამებლური პოლიტიკით რასაც "ქართული ოცნება" და მისი ლიდერი ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს რუსეთის ფედერაციის მიმართ 8 წლიანი მმართველობის დროს," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მათი პოლიტიკის მთავარი ხაზი სწორედ რუსეთზე ზეწოლაა, რათა მან საქართველოს ტერიტორიის ანექსიისკენ მიმართული ქმედებები ვეღარ განახორციელოს:

"ეს გაგრძელებაა რუსული პოლიტიკისა, რომელიც მიზნად ისახავს საბოლოო ჯამში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ანექსიას და ამას ჩვენ უნდა დავუპირისპიროთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება და ზეწოლა, რომ ხელი აიღოს ამ განზრახვაზე. ეს ფაქტი მიუთითებს ძალიან ღიად რუსულ გეგმებზე და იმაზე, რომ ისინი აფხაზებსაც არ ენდობიან," - აცხადებს "ქართული ოცნების" წევრი ნიკოლოზ სამხარაძე. მისი თქმით, ხელისუფლება მუდმივ კონტაქტშია საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

 

დღის ამბები