17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
ახალი სტატუსი ნატოში გასაწევრიანებლად - ვერშბოუს ინიციატივას თბილისში გამოხმაურება მოჰყვა  

ახალი სტატუსი "ნატოში" გასაწევრიანებლად. ვერშბოუს ინიციატივა თბილისში განხილვის თემაა. ნატოს გენმდივნის ყოფილმა მოადგილემ უკრაინისა და საქართველოსთვის ახალი სოციალური სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა. თბილისში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია თანამშრომლობის ნებისმირი ფორმა, რაც ჩვენ ქვეყანას ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან დაახლოვებს

"მაპი ბიუროკრატიული ინსტრუმენტია და არ არსებობს არანაირი ბიუროკრატიული ინსტრუმენტი, რომელსაც არ შეიძლება არ გადახედო, შეცვალო ან ალტერნატიული ინსტრუმენტი მოიფიქრო. ვერშბოუს იდეა საინტერესოა თავისთავად, თუმცა გადაწყვეტილებას იღებს NATO. დისკუსიის დასაწყებად არის საინტერესო, მაგრამ ჩვენც ფრთხილად უნდა ვიყოთ, არამგონია რამეს უნდა დავთანხმდეთ, გარდა საბოლოო გაწევრიანებისა, სხვა სტატუსით თანამშრომლობა "ნატოსთან" შეიძლება მხოლოდ შუალედურ პარსპექტივაში იყოს მისაღები,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სალომე სამადაშვილი.

"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძის განცხადებით, ის საქართველოს ხელისუფლებაში ვერ ხდება რესურს, რომ რაიმე გამოწვევას მოაგვარებენ.

"საქართველოსთვის ნებისმიერი ახლო კონტაქტი და ნებისმიერი ფორმის უფრო მჭიდრო ინტეგრაცია "ნატოსთან" რომელიც მოახდენს ჩვენ დაცვას გარე საფრთხეებისგან, ამ შემთხვევაში რუსეთისგან, ბუნებრივია უნდა იყოს მისაღები. დანარჩენი არის დეტალები, რომელიც მოლაპარაკების საკითხია. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს სრული წევრობა, თუმცა ნებისმიერი კონფიგურაცია შეიძლება იყოს განხილული. ყველა ასეთი იდეა უნდა იყოს ატაცებული, კიდევ უფრო გაღრმავდეს დისკუსია საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლებას, ვერ ხდება რესურს, რომ ისინი რაიმე გამოწვევას, საგარეოს ან შიდაპოლიტიკურს მოაგვარებენ,"- აცხადებს "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგი კაპანაძე.

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" წევრი შალვა პაუაშვილი კი აცხადებს, რომ მთვრობის მთავარი ინიციატივა სწორედ ნატოსა და ევროკავშირში მეტი ინტეგრაციაა. 

"ყველა ნაბიჯი, რომელიც მიმართულია უფრო მეტ ინტეგრაციაში, როგორც "ნატოში" ისე ევროკავშირთან, არათუ მისაღებია, არამედ ეს ჩვენი ინიციატივაა. რაც შეეხება განცხადებას, ეს ერთ-ერთი ექსპერტის მოსაზრებაა და კომენტარს ვერ გავაკეთებ, საჭიროა დიალოგში მოვძებნოთ ფორმატი, რომელიც მისაღები იქნება როგორც საქართველოსთვის, ისე NATO-სთვის. ჩვენი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ ალიანსში არის უმთავრესი მიზანი,"- აცხადებს "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” წევრი შალვა პაუაშვილი

დღის ამბები