ამერიკის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს.
ოპოზიცია კელი დეგნანს და კარლ ჰარცელს ხვდება. ამ წუთებში შეხვედრაზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები იმყოფებიან.
პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ელჩთან შეხვედრები მესამე რაუნდისთვის მზადებაა.
"ეს შეხვედრაც არის მოსამზადებელი შეხვედრა მესამე რაუნდისთვის, რომ მესამე რაუნდი არ იყოს უბრალოდ შეხვედრა შეხვედრისთვის. რა გამოვა ვერ გეტყვით, არც ოპტიმიზმის დათესვა მინდა და არც პესიმიზმის,"-აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეთანხმება უნდა მოიცავდეს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ახალი არჩევნების განხილვას და ცესკოს რეფორმირებას.
"ჩვენ გვსურს პოლიტიკური შეთანხმების მიღწევა "ქართულ ოცნებასთან", ამისთვის მზად ვართ, რომ ვიშრომოთ, ცხადია პოლიტიკური შეთანხმება უნდა მოიცავდეს ცვლილებებს საარჩევნო კანონმდებლობაში, ახალ არჩევნებსაც უნდა მოიცავდეს. ჩვენ ამას განვიხილავთ, როგორც პაკეტს, სწორედ ეს არის მოლაპარაკების საგანი. უნდა გამოვრიცხოთ მანიპულაციები ბიულეტენებით,"- აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.