20 აპრილი 2024,   06:09
ვრცლად
თუ ჩვენ პრინციპულ საკითხზე შევთანხმდებით, შესაძლოა, ოპოზიციამ განიხილოს შესაძლებლობა, დროებით მიიღოს მონაწილეობა ამ არასრულფასოვანი პარლამენტის ფუნქციონირებაში - სალომე სამადაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებული პოზიციიდან, შეთანხმებისთვის არანაირი ახალი სივრცე არ გახსნილა. ამის შესახებ მან "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა. 

"სამწუხაროდ, ის რაც "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებული პოზიციიდან იკვეთება არის ის, რომ შეთანხმებისთვის არანაირი ახალი სივრცე არ გახსნილა. და თუკი მათი პოზიცია დარჩება ის, რომ არანაირ ახალ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი არ იქნება, მაშინ მოლაპარაკების მესამე რაუნდს ალბათ, აზრიც არ ექნება, რადგანაც შეთანხმება ვერაფერზე ვერ შედგება. ასეთ შემთხვევაში კი, "ქართულ ოცნებას" რჩება ერთადერთი არჩევანი და ეს ერთპარტიული პარლამენტია,"- აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

შეკითხვაზე - თუკი მმართველმა გუნდმა დაუშვა კომპრომისი და რიგგარეშე არჩევნებს დათანხმდა, იქნება თუ არა ოპოზიციის მხრიდან შემხვედრი კომპრომისი პარლამენტში შესვლაზე, სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ის, ოპოზიციის სახელით ვერ ისაუბრებს, თუმცა მისი აზრით, თუკი ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს, საარჩევნო სისტემის შეცვლასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას დათანხმდება, შესაძლოა, ოპოზიცია რამდენი თვით პარლამენტის ფუნქციონირებაში ჩაერთოს.

"მე ოპოზიციის სახელით ვერ ვისაუბრებ, მაგრამ თუ ჩვენ პრინციპულ საკითხზე შევთანხმდებით, წერილობითი მემორანდუმის სახით, სადაც შევთანხმდებით იმაზე, რომ ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, საარჩევნო სისტემა შეიცვლება და პოლიტპატიმრები გათავისუფლდებიან - მაშინ, შესაძლოა, ოპოზიციამ განიხილოს შესაძლებლობა, რომ დროებით, რამდენიმე თვით, მიიღოს მონაწილეობა ამ არასრულფასოვანი პარლამენტის ფუნქციონირებაში. რადგანაც, ჩვენ ვართ კრიზისში, გველოდება ძალიან მძიმე ზამთარი, ფაქტობრივად, პანდემიის ეროვნული კატასტროფა, რომელიც შედეგად "ქართული ოცნების" მმართველობამ მოიტანა,"- აღნიშნა სალომე სამადაშვილმა. 

 

დღის ამბები