17 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
დედამიწაზე არავინ ამბობს, რომ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, გამოდის, რომ ბოიკოტი არა პოლიტიკური, არამედ შანტაჟის ინსტრუმენტია - შალვა პაპუაშვილი

"ქართული ოცნების" წევრის შალვა პაპუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციის მხრიდან იმის თქმა, რომ პარლამენტში არ შევალთო, წარმოუდგენელი მიდგომაა.  

"ოპოზიციის მხრიდან მოვისმინე გარკვეული ტაქტიკა, რომ პარლამენტში არ შევალთო, ეს წარმოუდგენელი მიდგომაა და გამოდის, რომ ჯიბრში უდგებიან ისინი საკუთარ სახელმწიფოს. თუკი პოლიტიკა სეირის ყურება არის, სამწუხარო იქნებოდა ასეთი მიდგომა. ჩვენი მიდგომა კი არის ის, რომ ვაღიაროთ ის არჩევანი, რომელიც ქართველმა ამომრჩეველმა გააკეთა. აქედან გამომდინარე, უნდა ვითანამშრომლოთ პარლამენტში და გავითვალისწინოთ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები. 

რაც შეეხება ჩვენი მხრიდან კომპრომისს, ვნახეთ გარკევული ხარვეზები, რომელიც ამ არჩევნებში იყო და საუბარი შეიძლება იმასთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ რით იყო ეს ხარვეზები გამოწვეული,"- აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი პარლამენტში მარტო მუშაობის საკითხს:

"როდესაც რამდენიმე პარტია დემოკრატიას ბოიკოტს უცხადებს, კარგი მოვლენა არ არის და დისკომფორტს ქმნის, თუმცა უნდა შეფასება არა ბოლოდან, არამედ თავიდან უნდა დავიწყოთ. თუკი ვთანხმდებით იმაზე, რომ დედამიწაზე არავინ ამბობს იმას, რომ ეს არჩევნები ტოტალურად გაყალბდა, გამოდის, რომ ეს ბოიკოტი, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი კი არ არის, არამედ ეს შანტაჟის ინსტრუმენტია. ეს ყველაფერი ძალიან სამწუხარო მოვლენა იქნება, თუკი ისინი პარლამენტში არ შემოვლენ, ამით აღმოჩნდება, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ზურგი აქციეს ქართველ ამომრჩეველს, რომლებმაც მათ მანდატი მისცეს. მაგრამ იმედი გვაქვს მაინც, რომ მოლაპარაკებები და დიალოგი წარმატებული იქნება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები