17 ნოემბერი 2024,   17:31
ვრცლად
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია რუსული სამართლებრივი სივრცის ნაწილი ხდება - რა კაბალურ დოკუმენტს მოაწერა ხელი ასლან ბჟანიამ

45 პუნქტად გაწერილ ანექსიას დოკუმენტის სახე აქვს, 3 წლიანი ვადა და 4 ხელმომწერი - ოკუპანტის და ოკუპირებული მხარისგან, პუტინმა და ასლან ბჟანიამ მომდევნო 3 წლით მთელი რიგი ღონისძიებები დაგეგმეს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის პრაქტიკულად ყველა სფეროს რუსული სამართლებრივი სივრცის ნაწილად აქცევს.

ახალი დოკუმენტი ამჯერად არა სამხედრო, არამედ სოციალურ- ეკონომიკურ ხასიათს ატარებს და ისეთ პუნქტებს მოიცავს, რომელიც აფხაზეთის ენერგეტიკულ, საბანკო, საინვესტიციო თუ საბაჟო სივრცეებში რუსეთის გავლენას უპირობოს ხდის, ასევე მოიცავს ორმაგი მოქალაქეობისა თუ ქონების უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე გასხვისების თემასაც - ყველა ნაწილში ოკუპირებული რეგიონი რუსულ სტანდარტებთან უნდა დაახლოვდეს.

რაშია გამოსავალი - პოლიტიკოსებს ერთიანი ხედვა არ აქვთ. ოპოზიცია საკითხს ოკუპაციიდან უკვე ანექსიის ჭრილში განიხილავს და თვლის, რომ მოსკოვი ამდენს ვერ გაბედავდა, რომ არა საერთაშორისო დონეზე საქართველოს პასიურობა და რბილი ტონი მოსკოვის მიმართ.

ხელისუფლება ოპონენტებს ახსენებს, რომ თბილისს ადგილზე ზეგავლენის ბერკეტი არ აქვს და ეფექტურ კონტროლსაც მის ორ რეგიონში სულ სხვა ძალა ახორციელებს - ამიტომ "ოცნება" კვლავ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების მოლოდინშია და ამას მთავარ ბერკეტად განიხილავს.

მორიგ უკანონო დოკუმენტს წინ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის, ასლან ბჟანიას სოჭში ვიზიტი უძღოდა, სადაც ის ვლადიმერ პუტინს შეხვდა და ოკუპირებულ რეგიონში მორიგი პროვოკაციული გზავნილებით დაბრუნდა.

დღის ამბები