საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით, საბიუჯეტო დაფინანსების მიმღები სულ 14 პარტია გახდა, მათგან კი, 5 პარტიას ცესკოსთვის დაფინანსება არ მოუთხოვია. მათ შორის არიან: "ლელო", "გირჩი", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტულ პარტია", "მოქალაქეები". ისინი მიზეზად, ბოიკოტს ასახელებენ.
პარტია "მოქალაქეების" გენერალური მდივანი და პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" წარმომადგენლები, მათი კოლეგების ქმედებებს, დაფინანსების მოთხოვნის შესახებ არასწორ ქმედებად აფასებენ და ამბობენ, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნა გარკვეულწილად ირიბად არჩევნების აღიარებას ნიშნავს.
"ჩვენ დაფუძნების დღიდან ვიცოდით, რომ საბიუჯეტო დაფინანსებას არ ავიღებდით. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ დაფინანსების გადაცემას გარკვეული პროფესიის ადამიანების მიმართ. იმ ოპოზიციის წევრების მხრიდან, ვინც დაფინანსება მოითხოვა, ნიშნავს არჩევნების არა პირდაპირი, მაგრამ ირიბი წესით აღიარებას,"- აცხადებს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩია.
ოპოზიცია არჩევნების შედეგს არ აღიარებს, თუმცა დაფიქსირებული შედეგით დაფინანსებას მაინც ითხოვს.
ეს სურვილი კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე სულ 9 პოლიტიკურმა სუბიექტმა დააფიქსირა. მათ შორის არიან ის ბლოკები, რომელთა ლიდერები ამბობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგი ციფრებში არ ასახავს რეალობას. თუმცა, ცესკოს ეს ხმები რეალურია იმისთვის, რომ საბიუჯეტო დაფინანსება მიიღონ, "ძალა ერთობაშიას" და "სტრატეგია აღმაშენებლის" შემადგენლობაში მყოფმა პარტიებმა. დაფინანსების მიღებაზე თანხმობის წერილი საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინა "ევროპულმა საქართველომაც".