საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ორთვიანი კონკრეტული გეგმა, 28 ნოემბერს დაიწყება და პირველ თებერვალს დასრულდება.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელიც დაიწყება 28 ნოემბერს და დასრულდება 1-ელ თებერვალს; ეს გეგმა მოიცავს დეკემბერს და იანვარს, რაც ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს შეზღუდვა იქნება დროებითი და საქართველოს მთავრობის სპეციალური მეოთხე ეტაპის პროგრამა, როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული სოციალური დახმარებისა, ითვალისწინებს მათ შორის ამ კონკრეტულ შეზღუდვებსაც," - განაცხადა გიორგი გახარიამ.
მთავრობის მეთაურის თქმით, დახმარების გეგმა ითვალისწინებს სისტემურ ეკონომიკურ კრიზისსაც, რომელიც 2021 წელს გაგრძელდება.
"28 ნოემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, ქვეყნის 8 დიდ ქალაქში, ესენია - თბილისი, თელავი, ბათუმის, ქუთაისი, რუსთავი, გორი, ფოთი, ზუგდიდი, ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ, სათხილამურო კურორტებზე - ბაკურიანი, გუდაური, მესტია და გოდერძი, ყველა სახის ბაზრობა და სავაჭრო ობიექტი გადადის დისტანციურ მუშაობაზე, შეჩერდება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. ეს არის ის ძირითადი შეზღუდვები, რომელიც წესდება. მსგავსი შეზღუდვები იანვარშიც, რაღაც პერიოდი გვექნება. ამ პერიოდში მუშაობას ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე აგრძელებენ აგრარული ბაზრები, სურსათის მაღაზიები, ზოომაღაზიები, ჰიგიენური საშუალებების მაღაზიები, აფთიაქები, ბანკები, ყველა სახის სამრეწველო წარმოება, მშენებლობა და ყველა სახის სისტემური ორგანიზაცია, როგორიცაა წყლის, დენის გაზის მომარაგება. ეს ეხება მხოლოდ და მხოლოდ საცალო ვაჭრობას. სამედიცინო სექტორი სრულად აგრძელებს მუშაობას და მუშაობას აგრძელებენ სილამაზის სალონებიც. ამ პერიოდისთვის და თებერვლის ბოლომდე, საქართველოს მთავრობის და ეპიდემიოლოგების მკაცრი რეკომენდაციაა, მაქსიმალურად ვეცადოთ, 70 წელს ზემოთ ადამიანები მაქსიმალურად დავტოვოთ სახლში, ეს არის მათ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე ზრუნვის გამოვლენა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავცემთ მკაცრ რეკომენდაციას, ყველა კომპანიამ, მაქსიმალურად გადაიყვანოს თანამშრომლები დისტანციურ შრომაზე. საჯარო მოხელეების 80% ამ პერიოდში გადასული იქნება დისტანციურ მუშაობაზე," - განაცხადა გიორგი გახარიამ.