გიორგი გახარიას თქმით, 300 ლარიანი დახმარების გარდა, მთავრობა იღებს ვალდებულებას, რომ თვითდასაქმებულებს, რომელსაც გააჩნია სესხი, დაეხმაროს სესხის გადავადებაში.
"რაც შეეხება საქართველოს მთავრობის სოციალური და ბიზნესის დახმარების მეოთხე ტალღას - ჩვენი ბიზნესის და სოციალური დახმარების წინა სამი ტალღა იყო უკიდურესად მიზნობრივი. თუ პირველი ტალღის პირობებში იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცოდით ეპიდემიის და ეკონომიკური კრიზისის შედეგების მასშტაბი, ვეცადეთ, რომ ეს ყოფილიყო მაქსიმალურად გადანაწილებული ყველა სოციალურ ჯგუფზე. დღეს უკვე გამოვყოფთ წერტილოვნად, თუმცა დაფარვის პრინციპსაც ვინარჩუნებთ.
იქიდან გამომდინარე, რომ რამდენიმე კვირით ვზღუდავთ საცალო ვაჭრობას, ბაზრობებს, მოლებს, მაღაზიებს და გვესმის, რომ აქ დიდი რაოდენობით ჩვენი მოქალაქეა დასაქმებული, ჩვენ ვაწესებთ იგივე სახის სოციალურ მიზნობრივ დახმარებას, როგორიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის პირველი ტალღის პერიოდში. ეს გახლავთ 300 ლარის ოდენობით.
ჩვენ დაწყებული გვაქვს ამ ადამიანების აღრიცხვა იმ კომპანიებთან ერთად, სადაც ისინი არიან დასაქმებულები. ამ 300 ლარიანი დახმარების გარდა, ჩვენ ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ ამ სექტორში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს, რომელსაც გააჩნია სესხი, სახელმწიფო მიეხმარება სესხის გადავადებაში.
არაფორმალურად დასაქმებულთათვის, 300 ლარიანი ერთჯერადი დახმარებით პირველი ტალღის პერიოდში ისარგებლა 250 000-მა ადამიანმა. ამჯერად, იქიდან გამომდინარე, რომ დავიწროებულია სფერო, რომლის მიმართაც იქნება მიმართული ეს დახმარება, ვფიქრობთ, რომ იქნება დაახლოებით 100-120 ათასი ბენეფიციარი," - განაცხადა გიორგი გახარიამ.