ქვეყნის მასშტაბით დაწესებულ შეზღუდვებზე, რომელიც ძალაში 28 ნოემბრიდან შევა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ამით ქვეყანა ვირუსის გავრცელების სწრაფ ზრდას შეაჩერებს.
"ამ შეზღუდვების ძირითადი დანიშნულებაა, რომ ვირუსის გავრცელების სწრაფი ზრდა შევაჩეროთ. შეზღუდვების დაწესება ერთია და აღსრულება მეორე. თუ ჩვენ ყველა ერთად ისევ ისე ერთიანები ვიქნებით, როგორც გაზაფხულზე ვიყავით, მაშინ დიდი იმედია რომ სწრაფი ზრდა აღარ გვექნება, შემდეგ კი ის თანდათანობით დაიწყებს უკუსვლას და სადღაც იანვრის ბოლოსკენ დიდი ალბათობით სხვა მაჩვენებლებზე ჩამოვალთ," - აცხადებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით კი, შეზღუდვებში ის ქალაქები მოყვნენ, რომლებიც ამ ეტაპზე კრიტიკულ ზღვარზე არ არიან.
"შეზღუდვებში მოყვნენ ქალაქები, რომლებიც ამ ეტაპზე, კრიტიკულ ზღვარზე არ არიან. ჩვენ 5 ბალიანი შეფასების სისტემა გვქონდა, პირველ 2 ბალში კი მოყვა აჭარა და თბილისი, გურია და იმერეთი, ხოლო დანარჩენი სამი დონის ქალაქებში, შეზღუდვები დაწესდა იმ პრინციპიდან გამომდინარე, რა გამოცდილებაც ჩვენ ზაფხულში ბათუმის მაგალითზე მივიღეთ. 2 კვირის ანალიზის შემდეგ, ჩვენ უფრო კონკრეტულად შეგვეძლება ვთქვათ თვითონ შეზღუდვების ეფექტურობაზე და ვისმსჯელოთ გამკაცრებაზე ან პირიქით, გამკაცრებაზე," - აღნიშნავს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
რა შედეგს მოუტანს ქვეყანას შეზღუდვების ორთვიანი გეგმა - ე.წ კომენდანტის საათი საღამოს 9 საათიდან, დისტანციურ რეჟიმზე გადასული კერძო და საჯარო სექტორი, ასევე სავაჭრო და კვების ობიექტები, დახურული ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები.
აკრძალულია საქალაქთაშორისო გადაადგილება. მუშაობას აგრძელებენ, აგრარული ბაზრები, სურსათის და სააფთიაქო ქსელები. პრესის ჯიხურები, სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.
ხელმისაწვდომი იქნება ავტოტექმომსახურებისა და ტექნიკური ინსპექტირების სერვისები. ორთვიან გეგმაში ყველაზე მკაცრი რეკომენდაციები ვრცელდება 8 ქალაქზე, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტიც იკრძალება.
თბილისში, თელავში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთსა და ზუგდიდში გადაადგილება დასაშვებია მხოლოდ ტაქსით ან პირადი მსუბუქი ავტომობილით. ახალი გეგმა რამდენიმე ეტაპად დაიყო. მეორე ეტაპი იწყება ახალი წლის პერიოდში, როდესაც 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე ამუშავებდა სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; ასევე აღდგება მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა.
მთავრობის გადაწყვეტილებით 3-იდან 15 იანვრამდე ცხადდება უქმე დღეები. 16 იანვრიდან კი იწყება გამკაცრებული ზომების შემსუბუქება და ყველა შეზღუდვა დარჩება მხოლოდ შაბათ-კვირას, ესეც მხოლოდ 31 იანვრამდე.