კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვის პირობებში, ბიზნესის და მოსახლეობის მიზნობრივი დახმარებისთვის ერთ მილიარდ ლარზე მეტია განსაზღვრული. თვითდასაქმებულებისთვის აღდგება 300-ლარიანი დახმარების პროგრამა.ასევე თვითდასაქმებულებს მთავრობა დაეხმარება სესხის გადავადებაში. სარესტორნო ბიზნესს კი სესხის საპროცენტო განაკვეთს სახელმწიფო დაუსუბსიდირებს. ამის შესახებ ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს:
"პროგრამა "აწარმოე საქართველოში" ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია. პროგრამის მეშვეობით აქამდე 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა ფართოვდება და მასში რესტორნებიც ჩაერთვებიან. საუბარია 1 500-მდე რესტორანზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ. ტურიზმის სექტორი, რომელიც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად დაზარალდა, 2021 წლის განმავლობაში სრულად გათავისუფლდება ქონების გადასახადისგან. სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და სხვადასხვა კატეგორიაზე გაგრძელდება დახმარება. ასევე აპრობირებულია კომუნალური გადასახადების სუბსიდირება კვლავ 4 თვით," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.
ფინანსთა მინისტრი მოუწოდებს კომპანიებს, რომელთაც საქმიანობა ეზღუდებათ, რომ დასაქმებულების შესახებ ინფორმაცია დროულად მიაწოდონ, რათა დახმარება განხორციელდეს. ამასთან ივანე მაჭავარიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებებისთვის აუცილებელია პარლამენტის დროულად ამოქმედება:
"საშემოსავლო შეღავათი 6 თვის განმავლობაში კომპანიებისთვის, შეგახსენებთ ეს არის 750 ლარის საშემოსავლოს შეღავათი 1500 ლარამდე ხელფასის მქონე ადამიანებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, ამ თანხის გაცემა მოხდეს წლის ბოლომდე. ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იურიდიულმა პირებმა, გადასახადის გადამხდელმა პირებმა დროულად მოგვაწოდონ სწორი ინფორმაცია დასაქმებულების შესახებ - იქნება ეს ბაზრობებზე, სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებსა თუ რესტორანში დასაქმებული ადამიანები.
ძალიან მნიშვნელოვანია პარლამენტის დროული ამოქმედება და ჩართულობა, რათა განხორციელდეს სოციალური და ბიზნესის მხარდაჭერისთვის აუცილებელი საკანონმდებლო ცვლილებები. ზოგადად, გარდა იმ შეღავათებისა, რომელსაც სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, საჭიროა მომავალი წლის ბიუჯეტში აისახოს იმ სუბსიდიებისა და დახმარების პროგრამები, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დაიწყოს საბიუჯეტო განხილვა და 2021 წლის ბიუჯეტის დროული მიღება მოხდეს,"- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.