ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, მთავრობა ასრულებს თავის პირობას და ტოტალური ლოკდაუნის გზით არ მიდის, ამის შესახებ ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა.
"ნათქვამი გვაქვს, რომ ადაპტაციის პერიოდია და არ წავალთ ტოტალური ლოკდაუნის გზით და არც ვაკეთებთ ამას. დაანონსებული შეზღუდვები ეხება ლოკალურად 8 მსხვილ ქალაქს, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა და ეხება კონკრეტულ დარგებს და იმ დარგებშიც კი უმეტესწილად არ ვწყვეტთ სამეწარმეო საქმიანობას, გადაგვყავს დისტანციურზე," - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სირთულეებზეც ისაუბრა და წამყვანის კითხვაზე, რატომ ვერ მოხდა შედარებით მსუბუქ პერიოდში სექტორის უფრო კარგად მომზადება, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოზე ძლიერმა ქვეყნებმაც ვერ აირიდეს ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა:
"გაიზარდა ტესტირების სიმძლავრეები, ჰოსპიტალური სექტორის სიმძლავრეები, ვერც ერთმა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა ქვეყანამაც ვერ აირიდა თავიდან ჯანდაცვის სისტემის გადატვირთვა და გარკვეული პრობლემები,სწორედ ამით იყო გამოწვეული ევროპულ სახელმწიფოებშიც ლოკდაუნი ან ნაწილობრივი შეზღუდვა მოხდა და ამ გზას მივყვებით ჩვენც," - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასაც გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ შემთხვევების ზრდის ერთ-ერთი მიზეზი მთავრობის ლიბერალურმა მიდგომაც გახდა.
ნათია თურნავა მიიჩნევს, რომ მთავრობის პოლიტიკა კოვიდთან მიმართებაში დაბალანსებული იყო როგორც ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის გახსნის მიმართულებით.