17 ნოემბერი 2024,   16:18
ვრცლად
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ბიუჯეტიდან 14 პარტია დაფინანსდება - ბოიკოტის მიუხედავად მათი ნაწილი თანხის მიღებას გეგმავს

საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ბიუჯეტიდან დაფინანსების მიმღები 14 პარტია გახდა. ბოიკოტის მიუხედავად ოპოზიციური პარტიების გარკვეულმა ნაწილმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მაინც მიმართა. მათ შორის "ნაციონალურმა მოძრაობამ" და "ევროპულმა საქართველომ".

ცესკოში განაცხადის შეტანის მიუხედავად დღეს "ნაციონალურ მოძრაობაში" აცხადებენ, რომ თანხის მიღებას არჩევნების ლეგიტიმურობასთან, რასაც აპროტესტებენ და ამის გამო პარლამენტში შესვლაზეც უარს ამბობენ, კავშირი არ აქვს. "ევროპულ საქართველოში" კი განმარტავენ, რომ დაფინანსების ერთი ნაწილი მიღებულ ხმებს უკავშირდება და ამაზე არ ამბობენ უარს. მეორე კი საპარლამენტო სიკეთეებს მოიცავს, რის გამოყენებასაც არ აპირებენ.

პარტნიორი პარტიების გადაწყვეტილებას არ იწონებენ "გირჩის" და "მოქალაქის" ლიდერები. მათი თქმით, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობაში დაფინანსების მოთხოვნა არჩევნების შედეგის აღიარებას ნიშნავს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიური პარტიების ეს ნაწილი დაფინანსების მიღებაზე თავად უარს ამბობს.

თანხის მოთხოვნასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ ფიქრის რეჟიმში არიან პარტია ლელოში. ლიდერები განმარტავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო ჯერ კიდევ აქვთ.

ოპოზიციური პარტიების მხრიდან საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნას არჩევნების შედეგების აღიარებად აფასებენ მმართველ გუნდში. "ოცნებაში" ამბობენ, რომ ამ ნაბიჯით მათთვის ოპოზიციის ბოიკოტი კიდევ უფრო გაუგებარია

კანონმდებლობის გათვალისწინებით, პარტიებს 25 ნოემბრამდე ქონდათ ვადა, დაფინანსების მისაღებად ცესკოსთვის მიემართათ. თუმცა საარჩევნო კომისია ვალდებულია პარტიები გააფრთხილოს, რის შემდეგაც მათ კიდევ სამი დღე აქვთ, საარჩევნო ადმინისტრაციაში თანხმობის წარსადგენად.

ახალი წესით, დაფინანსება დამოკიდებულია საპარლამენტო არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობაზე. პირველი 50 000 ხმის ფარგლებში, თითოეული ხმისთვის 15 ლარია განსაზღვრული, ხოლო ყოველი შემდეგი ხმისთვის - 5 ლარი.

წინასწარი შედეგების საფუძველზე, პროპორციული სისტემით პარტიების დაფინანსება ასე გადანაწილდება: "ქართული ოცნება" 5.14 მლნ ლარს მიიღებს. "ნაციონალური მოძრაობა" 2. 299 მლნ-ზე ცოტა მეტს. "ევროპული საქართველო" 1.124 მლნ-ს. "ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელს" 939 925 ლარი ერგება. პარტია "კანონი და სამართალს" კი 104 436 ლარი ეკუთვნის.

დღის ამბები