ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გამართვის თარიღი ჯერ კიდევ უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები არ შეცვლილა და აუცილებელია ახალი საარჩევნო კომისიის ფარგლებში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" მოლაპარაკებისკენ ნაბიჯი გადადგა და მათ ეს ელჩების მეშვეობით შეატყობინა.
"მოთხოვნები ისევ ისე არის, ორივე მხრიდან წითელი ხაზებია დაფიქსირებული. იყო ერთადერთი კარგი ის, რომ "ქართული ოცნებისგან" საყურადღებო კონტურები მოვისმინეთ, უფრო სწორად, ელჩებმა გადმოგვცეს, და ეს იყო ჩვენკენ გადმოდგმული ნაბიჯი, თუმცა ეს იქნება თუ არა მესამე რაუნდის წინაპირობა, ამას ვერ გეტყვით,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი გია ბარამიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მოთხოვნები უცვლელია და ამ მიმართულებით კომპრომისი არ იქნება.
"ვითხოვთ ნორმალურ, ცივილიზებულ, თუნდაც - მიახლოებულ პირობებს სამართლიანი არჩევნებისთვის. თუ ამ მიმართულებით გადაიდგმება რეალური ნაბიჯები, როდესაც ორი მხარე შუამავლების მეშვეობით მოლაპარაკებაშია ჩართული, ვალდებული იქნება გარკვეული შემხვედრი ნაბიჯები გადადგას, ოღონდ საუბარი კომპრომისზე არ იქნება,"-განაცხადა გია ბარამიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე აცხადებს,რომ მესამე რაუნდისგან რაიმე გადამწყვეტ ცვლილებას არ ელოდება.
"მესამე რაუნდი უკვე შედეგია, თუმცა რაიმე გადამწყვეტ და მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ველოდები და მნიშვნელოვან ცვლილებებზე ლაპარაკი მოგვიწევს მას შემდეგ, როდესაც ერთპარტიული პარლამენტი იქნება ფაქტი,"- განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.
"გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ მესამე რაუნდი არ გაიმართა და მოლაპარაკებები არ შედგა, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში დარჩება.
"როდის იქნება შემდეგი რაუნდი, არ ვიცით, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ მალე იქნება.
თუ მოლაპარაკება არ შედგა და პოლიტიკური სიტუაციის განმუხტვის გზაზე არ შევთანხმდით, ოპოზიცია გააგრძელებს ბოიკოტის რეჟიმს"-განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
"ერთიანი საქართველოს" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოლაპარაკების მესამე რაუნდს აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუკი მმართველი გუნდი შემხვედრ წინადადებას წარმოადგენს.
"მესამე რაუნდს აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მხრიდან იქნება რეალური წინადადება წარმოდგენილი. თუ ასეთი არ იქნება, რაუნდი რაუნდისთვის, რა თქმა უნდა, არავის სჭირდება.
უახლოეს დღეებში გვექნება შეხვედრა და ბუნებრივია, ვიმსჯელებთ, თუ რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი,იმიტომ, რომ სავარაუდოდ, ფართომასშტაბიანი აქციები უახლოეს მომავალში არ იქნება," - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მხრიდან კომპრომისს გამორიცხავს.
"სიტყვა "კომპრომისი" არც მინდა ვთქვა, იმიტომ, რომ ამ სიტუაციაში არც კი ვიცი რა კომპრომისზეა საუბარი, თუ რაიმე უნდა დათმოს, უნდა დათმოს მიტაცებული, ვინც მიიტაცა, მიიტაცა ხალხის ხმა," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.