საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეზღუდვებთან დაკავშირებით, ოპოზიცია კრიტიკულად აფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ აკრძალვები ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე სოციალურ ფონს, კიდევ უფრო დაამძიმებს.
დღეს, ოპოზიციური პარტიები "ლელოს" ოფისში შეიკრიბნენ. შეხვედრის მთავარი მიზანი სხვა საკითხებთან ერთად არის ის, რომ ოპოზიციამ ახალი შეზღუდვების პირობებში ახალი ტაქტიკა დაგეგმოს.
"ჩვენ ამ კრიზისის პირველივე დღეებიდან ხელისუფლებას ვთავაზობდით, რომ მომხდარიყო ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის ვალდებულების რეფინანსირება, რადგან ეს აუცილებელია იმისათვის, რომ ქართველი ხალხი ამ ვითარებაში არ გაიჭყლიტოს. "ქართულმა ოცნებამ" უნდა გააცნობიეროს, რომ სესხებისთვის გარანტიის მიცემა არის ერთადერთი გზა. მათ მთელი ზაფხული მათ არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ვირუსის გავრცელების ლოკალიზება მომხდარიყო. არ ჩაკეტეს აჭარა, პირიქით იქ ვითარება გაამწვავეს, ამასობაში ჰოსპიტალური და ჯანდაცვის რგოლები შესაბამისად არ მოამზადეს და სწორედ ამან მიგვიყვანა იმ ვითარებამდე, რომელშიც დღეს ვართ," - აცხადებს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე.
ხელისუფლების ოპონენტების თქმით, შეზღუდვას მაშინ აქვს აზრი, როდესაც მთავრობა პარალელურად ჯანდაცვის სისტემაზეც ზრუნავს.
"შეზღუდვას მაშინ აქვს აზრი, როდესაც პარალელურად ჯანდაცვის სისტემაზე ვზრუნავთ. ჩვენ მივიღეთ 2 თვიანი ჩაკეტვის გეგმა, მაგრამ ამავდროულად მთავრობას არ წარმოუდგენია 2 თვიანი მზადების გეგმა, თუ რას ვაკეთებთ ჯანდაცვის სისტემაში. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს დეტალურად გაწერილი გეგმები, თუ რა უნდა მოხდეს ჯანდაცვის მიმართულებით, აქედან კი მთავრობაში ჯერჯერობით არაფერი გაუთვალისწინებიათ," - აღნიშნავს პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" პოლიტიკური საბჭოს წევრი სერგო ჩიხრაძე.
ოპოზიციის თქმით, პრემიერის მიერ გუშინ გამოცხადებული გადაწყვეტილება, რომელიც შეზღუდვების ამოქმედებას ეხება, პოლიტიკურ პროცესებზეც იქონიებს გავლენას. ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, მასშტაბური ლოკდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეპიდემიის შეჩერებისთვის განკუთვნილი
"მთავრობას ჰგონია, რომ ლოკდაუნის გამოცხადების შემდეგ პროტესტი ჩაცხრება, მაგრამ ისინი ძალიან ცდებიან. ეს ლოკდაუნი ჩვენს მოსახლეობას კიდევ მეტ პრობლემას შეუქმნის. ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე სხდომის დროს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი მასშტაბური ლოკდაუნის გამოცხადება უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, ვიდრე ეპიდემიის შეჩერებისთვის განკუთვნილი. ჩვენ ყველაფერი გვესმის, მაგრამ იმასაც ვხვდებით რომ ქვეყანა უმძიმესი კატასტროფის წინაშე დგას და ამას კრიზისიდან გამოყვანა სჭირდება," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი.
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, 28 ნოემბრიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.