"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" განცხადებას ავრცელებს, სადაც შეზღუდვებით გამოწვეულ პრობლემებზე საუბრობს.
"მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს ეკონომიკურ საქმიანობაზე.
ღამის საათებში ტრანსპორტით გადაადგილების აკრძალვა ზღუდავს კონსტიტუციით გარანტირებულ გადაადგილების თავისუფლებას, ბაზრობების და სავაჭრო ობიექტების დაკეტვა ზღუდავს ამ ობიექტების მფლობელთა საკუთრების უფლებას, რაც იწვევს აღნიშნულ ობიექტებში დასაქმებული ადამიანების შრომის თავისუფლებაში ჩარევას.
საია მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს, დროულად განიხილოს მის წარმოებაში არსებული საქმეები, რომელიც ეხება შრომის და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის მთავრობაზე დელეგირების კონსტიტუციურობას.
აღნიშნული სარჩელების განხილვის დროში გაწელვა კიდევ უფრო დააზიანებს ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხს, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობას და შეარყევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას,"- ნათქვამია საიას განცხადებაში.