რამდენად სწორად იმართება კრიზისი და რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება ქვეყანაში არსებული მდგომარეობის დროს - გაერომ, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა და შესაბამისმა უწყებებმა რისკის კომუნიკაციის დოკუმენტი შეიმუშავეს.
თითქმის რვათვიანი სამუშაო პროცესის შემდეგ, ოფიციალური დოკუმენტი მთავრობას უკვე გადაეგზავნა ხელმოსაწერად. ეს არის ერთგვარი სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა იმოქმედოს საკოორდინაციო საბჭომ კრიზისული სიტუაციების დროს.
სახელმძღვანელო დოკუმენტში ძირითადი რეკომენდაციები პუნქტობრივად არის ჩამოთვლილი.
საქართველოს გაეროს ასოციაციის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ ალხანიშვილი აცხადებს, რომ დოკუმენტი ადამიანებს დაეხმარება სწორ კომუნიკაციაში.
"ეს დოკუმენტი თითოეულ ადამიანს, თოთოეულ გადაწყვეტილების მიმღებ პირს დაეხმარება სწორ კომუნიკაციაში თუ როგორ უნდა მივიტანოთ გზავნილები, მესიჯები ერთმანეთთან,"- აღნიშნა ზურაბ ალხანიშვილმა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ რისკების კომუნიკაციები გასაძლიერებელია.
"ერთ-ერთი მხარე, რომელიც სერიოზულ გაძლიერებას საჭიროებს ეს არის რისკების კომუნიკაცია. ეს დაავადება მიუხედავად იმისა, რომ ვიცით რა არის მისი გამომწვევი მაინც ვიაზრებთ, რომ უკავშირდება კონკრეტულ ქცევას. პირბადეს, ხელების დამუშავებას და ა.შ,"- აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე აცხადებს, რომ მოსახლეობასთან კომუნიკაცია აუცილებელია, რადგან მისი თქმით დღესაც არსებობენ ადამიანები ვისაც ვირუსის არსებობის არ სჯერათ.
"კურიერმა" მოსახლეობის აზრი გამოიკითხვა, მათი ნაწილი ამბობს, რომ არ აქვს საკმარისი ინფორმაცია კორონავირუსის შესახებ, მათ შორის არიან ისეთებიც ვისაც არც ვირუსის არსებობის სჯერა და არც მისი თანმხლები გვერდითი მძიმე მოვლენების.