17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
რთულია გადაადგილება, თუმცა ეს არ იქნება ხელისშემშლელი, თუ ოპოზიციამ ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა გადაწყვიტა - ზაალ უდუმაშვილი

როგორ იმოქმედებს ოპოზიციის გეგმებზე ახალი შეზღუდვები - ოპოზიციონერი ლიდერები "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში პროტესტის გამოხატვის ფორმასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარლამენტის შეკრების დღეს ფართომასშტაბიანი აქციის გამართვას, თუ ისინი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეზღუდვები ხელს ვერ შეუშლის. მისი თქმით, არსებობს რამდენიმე ვერსია, გადაწყვეტილების შესახებ კი შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოაცხადებენ.

"რამდენიმე ვერსიაა უკვე ჩამოყალიბებული და დღესვე, "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში, ფართო ფორმატში განვიხილავთ. შედეგად, ალბათ მივიღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას და ამ შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება, რას გეგმავს ოპოზიცია პარლამენტის შეკრების დღეს.

რომ შეიზღუდა გადაადგილების უფლება და გაჩერებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობა, არ არის ტრანსპორტი ქალაქებს შორის, ბუნებრივია, ეს ყველაფერი უქმნის გარკვეულ პრობლემებს იმ მოსახლეობას, რომელსაც სურს გამოვიდეს და პროტესტი გამოხატოს. რთულია გადაადგილება, თუმცა ეს ნამდვილად არ იქნება ხელისშემშლელი ფაქტორი. ოპოზიციამ თუ გადაწყვიტა ფართომასშტაბიანი აქციის გამართვა, ჩვენ ალბათ მოვახერხებთ, რომ ხალხი შეიკრიბოს,"-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა

"ევროპული საქართველოს" წევრის,ლევან თარხნიშვილის თქმით, დიდი ალბათობით, ოპოზიცია ფართომასშტაბიან აქციას არ გამართვას და სრული იგნორით, ან სიმბოლური პროტესტით შემოიფარგლება.

"ფართო ფორმატის მსჯელობის შემდეგ გამოვაცხადებთ იმას, თუ რას ვაპირებთ პარლამენტის შეხვედრის დღეს. არის სხვადასხვა ვარიანტები, დაწყებული აბსოლუტური იგნორიდან, როგორც ეს მოხდა მეორე ტურებზე, დამთავრებული, ვთქვათ, სიმბოლური აქციებით. დიდი ალბათობით, არ იქნება ხალხმრავალი აქცია, თუმცა, არც ამის გამორიცხვა შეიძლება, რადგან დღეს ამაზე საბოლოოდ უნდა ვიმსჯელოთ,"-განაცხადა ლევან თარხნიშვილმა. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გიორგი გუგავა აცხადებს, რომ პროტესტი არ იქნება ერთ დღიანი და ოპოზიცია იბრძოლებს, სანამ ახალი არჩევნების დანიშვნას არ მიაღწევს. 

"დღეს იკრიბება სრულიად ოპოზიციური სპექტრი, ლიდერები, იმასთან დაკავშირებით, რომ შეათანხმონ მოქმედების გეგმა, რომელიც დაკავშირებულია ახალ არჩევნებთან. ჩვენ ამ ახალ არჩევნებს უნდა მივაღწიოთ, ამისათვის საჭიროა მრავალფეროვანი მოქმედებები, აქციები, წინააღმდეგობის ფრონტის გაშლა. ეს არ იქნება ერთ დღიანი, წინ ხანგძლივი ბრძოლა გველის და ამისათვის გაიწერება მოქმედების კონკრეტული ნიუანსები და შეთანხმდება ეს გეგემები ოპოზიციაში,"-განაცხადა გიორგი გუგავამ. 

დღის ამბები