აბაშიძე-კარაისინის ონლაინფორმატში შეხვედრას და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას კრიტიკული შეფასებები მოჰყვა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლების მხრიდან.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებსაც და ამ კონტექსტში ნახსენებია გავრილოვის ვიზიტის დროს განვითარებული მოვლენები.
"საქართველო არ უნდა დარჩენილიყო პირისპირ ოკუპანტთან. ამიტომ, ეს მავნებლობა თავისთავად, აისახება იმ ორმხრივ ე.წ. მოლაპარაკებებშიც, რომელსაც ბატონი აბაშიძე აწარმოებს თავის კოლეგა კარასინთან. რაც გულისხმობს იმას, რომ კარასინი ბედავს და ესაუბრება მას გავრილოვის ღამეზე, 20 ივნისზე, როდესაც გავრილოვი ჩამოიყვანა საქართველოს ხელისუფლებამ, დასვა საქართველოს პარლამენტში და შემდეგ ამას მოჰყვა საქართველოს მოქალაქეების პროტესტი,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი კანდელაკი სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოყვანას კიდევ ერთხელ აკრიტიკებს. კანდელაკის თქმით, გავრილოვი საქართველოში "ქართულმა ოცნებამ" ჩამოიყვანა, ქართველი ხალხი კი არასოდეს დაივიწყებს, რომ "სერგეი გავრილოვი მონაწილეობდა ქართველების ხოცვა-ჟლეტაში აფხაზეთში და ჩვენი ასეულობით ათასობით მოქალაქის საკუთარი სახლებიდან გამოდევნაში".
ავტორი: ლიკა ალელიშვილი