მოითხოვა თუ არა ფრენების აღდგენის სანაცვლოდ, უსაფრთხოების გარანტიები რუსეთმა, რაზე იმსჯელეს კარასინი-აბაშიძის ონლაინ შეხვედრაზე - საკითხი პოლიტიკურ სპექტრში აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ონლაინდიალოგის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია 2019 წლის გავრილვის ღამეზეც, რამაც ოპოზიციონერი წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.
"აბაშიძემ, როგორც საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა კარასინთან ერთად, ერთობლივად, პრაქტიკულად დაგმო 20 ივნისის მოვლენები, გავრილოვის ჩვენ სახელმწიფოზე დასმა დაგმო როგორ ანტირუსული პროვოკაცია და რუსეთი გამოხატავს კმაყოფილებას, რომ ეს ხელისუფლება აღმოფხვრის მსგავს ანტირუსულ განწყობებს საქართველოში.
სხვადასხვა პოლიტიკური პოზიციის ადამიანები, რომლებიც 20 ივნისს შევიკრიბეთ და ვთქვით რომ რუსეთი ჩვენს სახელწიფოს ვერ წაგვართმევს და გავრილოვი ვერ იქნება ჩვენი პარლამენტის სკამში, აი ეს დაგმო აბაშიძემ, ანუ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელმა,“ - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
განცხადება გააკეთა ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სალომე სამადაშვილმა.
"სამწუხაროა, რომ მათ ამ თვალსაზრისით მოკავშირე ჰყავთ დღევანდელი ხელისუფლების სახით და სწორედ რუსეთის დაკვეთით ქართულმა ოცნებამ, მათ შორის სამართლებრივი დევნა განახორციელა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც 20 ივნისის მოვლენებში იღებდნენ მონაწილეობას,“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურად მიმართავენ.
"ჩვენ აუცილებლად გვექნება ოფიციალური მიმართვა საგარეო საქმეთა სამინისტროზე და მათგან მოვითხოვთ განმარტებებს, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაუგებარია და თუკი საქართველოს ხელისუფლება ეთანხმება ამ ვერსიას, რომელიც რუსეთის მხარის მიერ არის გამოქვეყნებული, ეს ძალიან სერიოზული სკანდალის წინაპირობა გახლავთ, იმიტომ რომ ეს ფორმატი, რომელიც არის აბაშიძე-კარასინის ფორმატი, აბსოლუტურად გაცდენილია ასეთ შემთხვევაში თავის მანდატს,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.