17 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
მომავალში, ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები, მაგრამ სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად - ზურაბ აბაშიძე 

რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრ გრიგორი კარასინთან გუშინ გამართული ონლაინ-შეხვედრის განცხადება გაავრცელა.

ზურაბ აბაშიძის განმარტებით, ამჯერადაც შეხვედრის დასაწყისში მან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ვითარებაზე ისაუბრა.

"ვისაუბრე იმაზე, რომ იქ, მიუხედავად პანდემიისა, გრძელდება მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარეობს ე.წ ბორდერიზაცია, ადამიანებს ნორმალური გადაადგილების საშუალება არ აქვთ, უხეშად ირღვევა ადამიანის უფლებები და ა.შ. განსაკუთრებით ხაზი გავუსვი რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების შესახებ პროგრამის დამტკიცებას და აღვნიშნე, რომ ეს ქართულმა მხარემ შეაფასა, როგორც დე-ფაქტო ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი უკანონო ნაბიჯი. გამოვთქვი იმედი, რომ ამ საკითხების უფრო დეტალური და საგნობრივი განხილვა გაიმართება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, რომელიც იმედია, ახლო მომავალში ჩატარდება“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიდან საუბარი შეეხო მიმდინარე წლის 10 თვის განმავლობაში იანვარ-სექტემბერში სავაჭრო ურთიერთობების დინამიკას.

"აღინიშნა, რომ პანდემიის გამო სავაჭრო ბრუნვა გარკვეულწილად შემცირდა. განვიხილეთ სატრანსპორტო კავშირები და აქცენტი გავაკეთეთ ჩვენი კომპანიების ინტერესების დაცვაზე ამ რთულ ვითარებაში, რამდენადაც სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებში უამრავი ქართული კომპანიაა ჩართული. ამ კონტექსტში რუსეთის მხარემ ახსენა საავიაციო მიმოსვლის აღდგენის თემა. აღნიშნეს, რომ მას შემდეგ, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, შესაძლებელია მოხდეს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ამისათვის საჭიროა, იყოს გარანტიები რუსი ტურისტებისა და ვიზიტორებისთვის საქართველოში ჩამოსასვლელად და შეწყდეს რუსოფობიული გამოხტომები. გამოითქვა იმედი, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დასრულდა და რუსოფობიული გამოხტომებიც შეწყდება. ჩვენი პასუხი ასეთი იყო - ფრენები შეწყდა რუსეთის მხარის ინიციატივით, თუკი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, რა თქმა უნდა, შეიძლება ამ საკითხის განხილვა, მაგრამ არანაირი რუსოფობიული გამოხტომები რუსი ტურისტების მიმართ წლების განმავლობაში არ ყოფილა; მილიონობით ტურისტი ჩამოსულა საქართველოში და ერთ შემთხვევას ვერ დაგვისახელებთ ამის დასტურად, რას გულისხმობთ, რა სახის გარანტიებზეა საუბარი, როდესაც ასეთ შემთხვევას საერთოდ ადგილი არ ჰქონია რუსი ტურისტების მიმართ“, - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის თქმით, საუბრისას ასევე განიხილეს 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმება საბაჟო მონიტორინგის შესახებ და აღინიშნა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ამ მხრივ მცირე პროგრესია და გამოითქვა მზაობა, ხელი შეეწყოს შესაბამისი საექსპერტო ჯგუფების მუშაობას.

"ასევე, რუსეთის მხარის დაინტერესებით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ჩვენ გავიმეორეთ ის, რაც ადრეც გვითქვამს, რომ ის მუშაობს აბსოლუტურად ტრანსფარენტულ რეჟიმში, მისი კარი ყოველთვის ღია იყო უცხოელი ექსპერტებისთვის. იქ ადრე რუსი ექსპერტებიც არიან ნამყოფი. ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში ეს არის ერთ-ერთი წამყვანი უწყება საქართველოში, მისი ავტორიტეტი ძალიან დიდია, ამიტომ სრულიად მიუღებელია ის პროპაგანდისტული აჟიოტაჟი, რაც მის წინააღმდეგ არისატეხილი რუსეთში და ეს აზიანებს საქართველოს იმიჯს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად - რუსეთის იმიჯს. ასე, რომ მომავალში, როდესაც ეპიდემიოლოგიური ვითარება დაწყნარდება, ლუგარის ლაბორატორია მზად იქნება, მიიღოს უცხოელი ექსპერტები, მათ შორის რუსი ექსპერტები, მაგრამ სხვა ქვეყნების ექსპერტებთან ერთად, ასეთ ჯგუფში. ჩვენ ეს ადრეც გვაქვს ნათქვამი. მათგან მოვისმინეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 2021 წლიდან იწყებენ ყაზბეგი-ლარსის გამშვებ პუნქტზე რუსეთის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ პროექტს - რეკონსტრუქციას, რათა, როგორც მათ აღნიშნეს, ხელი შეუწყონ ტვირთების  მიმოსვლას“, - აღნიშნა ზურაბ აბაშიძემ.

პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ონლაინ-ფორმატის შეხვედრას, ისევე, როგორც წინა სხვა შეხვედრებს, ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროების წარმომადგენლები. 

დღის ამბები