17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს ამ სიცრუეს, რომლის გაფორმებასაც "ქართული ოცნება" ეცდება პარლამენტის შეკრების დღეს - საბა ბუაძე

ოპოზიცია აქციას არ გამართავს - ლიდერები პარლამენტის შეკრების პირველ დღეს, საკანონმდებლო ორგანოსთან მხოლოდ იმ მიზნით შეიკრიბებიან, რომ სიმბოლურ დოკუმენტს მოაწერონ ხელი.

შეთანხმება სამი პუნქტისგან შედგება და მისი ხელმომწერები თანხმდებიან, რომ უარს ამბობენ დეპუტატის მანდატზე, ასევე, პარტიები ჩახსნიან რეგისტრაციას, რომ მათი ჩანაცვლება არ მოხდეს, და კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ მთავარ მოთხოვნას, რომ ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. 

"ოპოზიცია შეიკრიბება, ოღონდ არამხოლოდ ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც უარს ამბობენ საპარლამენტო მანდატებზე, არამედ ყველა ის ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც მიიჩნევს,რომ ერთადერთი გამოსავალი არის ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები. ჩვენ გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის იქნება დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ იქნება ჩამოწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც ჩვენ ვაყენებთ 31 ოქტომბრის შემდეგ. ასევე, პარტიის ხელმძღვანელები თავიანთი ხელმოწერებით მოხსნიან პარტიულ სიებს, და ყველა ის დეპუტატი, რომელიც ცესკოს მონაცემებით გასულია პარლამენტში, ინდივიდუალურად მოაწერს ხელს განცხადებას და უარს იტყვის სადეპუტატო მანდატზე,"-განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზაალ უდუმაშვილმა. 

"ლელოს" წევრის, საბა ბუაძის განცხადებით, სიმბოლურ პროტესტში მონაწილეობას მიიღებენ ის პარტიებიც, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახეს. 

"კიდევ ერთხელ ვეტყვით უარს ამ სიცრუეს, რომლის გაფორმებასაც "ქართული ოცნება" ეცდება პარლამენტის შეკრების დღეს. მათ შორის, გავაკეთებთ წერილობით. ეს იქნება კიდევ ერთი დადასტურება, რომ არავინ ამ ტყუილში მონაწილეობას არ აპირებს, არც ბარიერგადალახული, არც ბარიერგადაულახავი პარტიები და მთელი ქართული საზოგადოება კიდევ ერთხელ ეტყვის უარს იმ ცრუ პროცესს, რომელსაც წარმართავს "ქართული ოცნება",-განაცხადა საბა ბუაძემ. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" კიდევ აქვს დრო იმისთვის, რომ პარლამენტის შეკრებაზე უარი თქვას და ახალი არჩევნები დანიშნოს. 

"მათი შეკრების პირველი დღე დაიგეგმა, რომელიც ითვალისწინებს პარლამენტში შესვლაზე უარის თქმას, საარჩევნო სიების სრულიად ჩახსნას და რეზოლუციების მიღებას, რომელიც საბოლოოდ გამოაცლის ივანიშვილის ბიზნესკანტორას რაიმე ლეგიტიმურობის ნიშნებს. შესაბამისად, კიდევ აქვს დრო ოლიგარქს, მოვიდეს ჭკუაზე, უარი განაცხადოს ამ დანაშაულებრივი ფაბრიკის შეკრებაზე და დანიშნოს ახალი არჩევნები,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა. 

დღის ამბები