"გირჩი" მზად არის ბოიკოტზე უარი თქვას, თუ ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემის იმ რეფორმაზე იქნება თანახმა, რაზეც ოპოზიციაა შეთანხმებული. განცხადება ზურაბ ჯაფარიძემ მხარდამჭერებთან ონლაინ შეხვედრაზე გააკეთა.
თუმცა, ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ საჭიროა ფართო შეთანხმება, რომელიც მოიცავს როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე საარჩევნო სისტემის სრულ რეფორმას.
გარდა ამისა, ოპოზიციის წევრების განცხადებით, ვადამდელი არჩევნები არის შესაძლებლობა პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად.
"შეთანხმება შეიძლება შედგეს მხოლოდ მაშინ, თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ხელისუფლება მზად არის შეიცვალოს ქვეყანაში ზოგადად პოლიტიკური გარემო და თამაშის წესები. ამიტომ, რაიმე ერთი რეფორმა, რა თქმა უნდა ამას ვერ უზრუნველყოფს. ჩვენ გვჭირდება ფართო შეთანხმება, რომელიც მოიცავს, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, ასევე საარჩევნო სისტემის სრულ რეფორმას და საერთოდ ახალ საარჩევნო გარემოს ქვეყანაში. ასევე შეთანხმებას შემდეგ არჩევნებზე, ანუ მომდევნო არჩევნებზე, რომელიც ქვეყანაში აღადგენს დემოკრატიულ პროცესს," - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
"ოპოზიციურ ერთობას გვაქვს შეთანხმებული პოზიცია. მას შემდეგ, რაც მოიტანს ხელისუფლება თავის პოზიციას, ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ დავსხდეთ და განვიხილოთ, რამდენად ადეკვატურია მათი წინადადება და რა შეიძლება იყოს მისაღები და რა მიუღებელი.
ვადამდელი არჩევნები არ არ არის ჩვენი აკვიატება. ვადამდელი არჩევნები არის შესაძლებლობა, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. თუ იქნება შემოთავაზება, რომელიც განმუხტავს პოლიტიკურ კრიზისს და ეს იქნება ადეკვატური, რა თქმა უნდა, ეს შეიძლება იყოს განხილული, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპოზიცია ხედავს ასეთ საშუალებად მხოლოდ ვადამდელ არჩევნებს," - განაცხადა პარტია "მოქალაქეების" გენერალურმა მდივანმა ლევან იოსელიანმა.