13 მაისი 2024,   16:24
ვრცლად
"ირწევა, თვალებით მაღლა იყურება, თითქოს ეშინია, რამე არ დაავიწყდეს" - დაკავებული ჟურნალისტის მეგობარი გოგონას ვიდეო გავრცელდა

დისიდენტი ჟურნალისტისა და მისი მეგობარი გოგონას ოჯახები ფიქრობენ, რომ დაკავებულების უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. 

რომან პროტასევიჩი და მისი რუსი მეგობარი გოგო, სოფია საპეგა ახლა მინსკში იმყოფებიან, წინასწარი დაკავების იზოლატორებში. 

"მოვუწოდებ მთელს საერთაშორისო თანამეგობრობას, გადაარჩინონ," - ამბობს ჟურნალისტის დედა, ნატალია პროტასევიჩი

გუშინ გავრცელდა ვიდეო, სადაც საპეგა ამბობს, რომ ის არის ერთ-ერთი ტელეგრამ-არხის რედაქტორი, სადაც ბელარუს სამართალდამცველებზე პერსონალურ ინფორმაციას ავრცელებენ, თუმცა, არის ეჭვი, რომ გოგონა ზეწოლის ქვეშ საუბრობს. 

საპეგას დედა ამბობს, რომ მისი შვილი ვიდეოში უჩვეულო მანერით საუბრობს და დარწმუნებულია, რომ გოგონას აიძულებენ, დაზეპირებული ტექსტი თქვას :

"ჩემი მეგობრებიც კი მირეკავენ და მეუბნებიან... ეს მისთვის უჩვეულო მანერაა, ირწევა, თვალებით მაღლა იყურება, თითქოს ეშინია, რამე არ დაავიწყდეს," - ამბობს სოფიას დედა. 

მანამდე, ბელარუსმა სამართალდამცველებმა პროტასევიჩის ვიდეო გაავრცელეს, რომელიც, სავარაუდოდ, ასევე ძალდატანებით არის ჩაწერილი, მისი ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ ჟურნალისტს სახეზე ფიზიკური ძალადობის კვალიც ემჩნევა. 

სოფია საპეგას ადვოკატი ფიქრობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სულ მცირე 2 თვით იქნება დაკავებული. 

პროტასევიჩი და საპეგა კვირას დააკავეს, როდესაც მათი თვითმფრინავი ათენიდან ვილნიუსის მიმართულებით მიფრინავდა, თუმცა, გეზი შეიცვალა და მინსკში დაეშვა. 

დასავლეთის ქვეყნები ბელარუსს "რაინეარის" თვითმფრინავის გატაცებაში ადანაშაულებენ, რომელსაც მინსკში დაჯდომა ბომბის საფრთხის გამო აიძულეს. ევროპის რამდენიმე ავიაკომპანიამ განაცხადა, რომ ბელარუსის საჰაერო სივრცეში აღარ იფრენენ. 

 

ავტორი : თინათინ კაკიაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები