ძველი თელავის ცენტრის ქვეშ არსებული ტერიტორიის შესწავლა აქამდე არ მომხდარა. მიწისქვეშა გვირაბების შესახებ საუბარი არც ისტორიულ წყაროებშია. ამიტომ თელავის ცენტრის ქვეშ აღმოჩენილი ნაგებობის შესახებ სპეციალისტები მხოლოდ ვარაუდებს გამოთქვამენ. არ არის გამორიცხული, X-XIII საუკუნის ნაგებობა ძველი ციხე-სიმაგრის ნაწილი იყოს.
თელავის ქვემოთ გვირაბების ქსელის შესახებ ადგილობრივებიც ჰყვებიან.
მათი თქმით, ისტორიულ გვირაბში ჩასასვლელს იატაკში გაკეთებული ხის კარიდან მიაგნეს. იყო შემთხვევა, როდესაც საცხოვრებელი სახლის რემონტის დროს მიწა ჩაინგრა და საკმაოდ დიდი სიმაღლის გვირაბში რამდენიმე ათეული მეტრის გავლაც შეძლეს.
ტერიტორია შესწავლილი არ არის. ისიც უცნობია, საიდან იწყება ისტორიული გვირაბი და რა ტერიტორიაზე ვრცელდება. ვარაუდობენ, რომ მას მონღოლების შემოსევის დროს სტრატეგიული და თავდაცვითი ფუნქცია ჰქონდა.
თელავის მერიაში გაწმენდითი სამუშაოებისთვის თანხების გამოყოფაზე ფიქრობენ. არ გამორიცხავენ, რომ ეს ტერიტორია ტურისტულ ზონადაც გადაიქცეს.
ავტორი: ეკა გაგუა