ნაპოვნია დავით აღმაშენებლის პერიოდის უნიკალური მონეტა - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უნებართვო არქეოლოგიური სამუშაოების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინა. სპილენძისგან დამზადებული მონეტა ორიგინალია, ღირებულება კი შეუფასებელი.
კერძო პირი ონლაინ რეჟიმში ე.წ. შავ ბაზარზე ცდილობდა მონეტის გასხვისებას, რაც სუსმა აღკვეთა. მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება და მონეტა წარმოადგენს ნივთმტკიცებას, როგორც განსაკუთრებული ისტორიული ფასეულობის კულტურული მემკვიდრეობა, იგი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადაეცემა.
დღემდე, მსოფლიო ისტორია იცნობდა საქართველოს მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოჭრილ ერთადერთ უნიკალურ მონეტას, რომელიც ლონდონშია დაცული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მონეტის ავთენტურობის დასადგენად ჩატარდა საექსპერტო კვლევა, რომელშიც ჩართულები იყვნენ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ ექსპერტები და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერები.