20 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
თაღლითობა და დიდი ოდენობით ქრთამის აღება - ანტიკორუფციულმა სააგენტომ მერიის მაღალჩინოსნები დღეს დააკავა

თაღლითობა და დიდი ოდენობით ქრთამის აღება - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თბილისის მერიის დაქვემდებარებაში არსებული კომპანიის საქმეს იძიებს.

კორუფციის ბრალდებით უკვე დაკავებულია დედაქალაქის სატრანსპორტო კომპანიის რამდენიმე თანამშრომელი.

სახლი, რომლის კარს "კურიერი" კამერის თანდასწრებით არ აღებენ, მაღალჩინოსანს ეკუთვნის, გიორგი მეშველიანს, რომელიც ქრთამის აღებასა და კორუფციაში დღეს ამხილეს. სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზის ხელმძღვანელი სასამართლოს განჩინებით ბორკილებდადებული საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დილის ექვს საათზე გამოიყვანეს.

დაკავების ოპერაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიგეგმა. აყვანის ოპერაციის განხორციელება კი, გამთენიისას ოთხ ჯგუფს ერთდროულად დაევალა. სამართალდამცველები თბილისის მასშტაბით რამდენიმე ლოკაციაზე ერთდროულად გავიდნენ. დანიშნულების ერთ-ერთი ადგილი ნუცუბიძის მეოთხე პლატო იყო.

დაკავებების ოპერაციას მოჰყვა ჩხრეკა. საცხოვრებელი ბინების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ჯგუფი სატრანსპორტო კომპანიის ოფისში მივიდა. ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღებაში მხილებულების კაბინეტებში შევიდა. სამუშაო სივრციდან პირადი ყოველდღიური მოხმარების ტექნიკასთან ერთად სამუშაო დოკუმენტებიც არის ამოღებული.

კორუფციულ სქემაში მხილებული კომპანია დუმს, თუმცა "კურიერმა" დაკავებული მაღალჩინოსნების ვინაობა მაინც გაარკვია. ქრთამის აღებაში მხილებულებს შორის სატრანსპორტო კომპანიის ნომერ მეორე ბაზის ხელმძღვანელი და კოლონების სამსახურის უფროსები არიან.

დაკავებულებს უკვე ჰყავთ უფლებადამცველები. ადვოკატები დაცვის ქვეშ მყოფების უდანაშაულობაში დარწმუნებულები არიან. კონკრეტულ დეტალებზე საუბარს კი, საქმის მასალების ჩაბარებამდე ვერ ახერხებენ.

უკვე დაწყებულია გამოკითხვებიც. მთელი დღის განმავლობაში სუსის შენობაში ერთმანეთს სატრანსპორტო კომპანიის ის თანამშრომლები ცვლიდნენ, რომლებსაც დაკავებულებთან საქმიანი შემხებლობა ქონდათ.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია მერიის დაქვემდებარებაშია. აქ კი ამბობენ, რომ კორუფციული სქემის გაშიფრვის საგამოძიებო პროცესი მათთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

ქალაქის მერის მოადგილის ამ განმარტებამდე იყო კახი კალაძის განცხადება. დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაა.

ორგანიზებული ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულები ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდებიან. ამისთვის საგამოძიებო უწყებას 24 საათზე ცოტა მეტი დრო რჩება.

დღის ამბები