უკრაინა ბრიტანეთთან და პოლონეთთან ერთად პოლიტიკური თანამშრომლობის ახალ ფორმატს ქმნის. სამმხრივი უსაფრთხოების პაქტის შექმნის საფუძველი არა გეოგრაფიული სიახლოვე, არამედ საერთო პრინციპები და გამოწვევებია. სამივე ქვეყნისთვის მთავარი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებია.
როცა ზელენსკი უსაფრთხოების საკითხებზე პოლონეთისა და ბრიტანეთის ლიდერებს ხვდებოდა, პუტინი რეგიონში შექმნილ კრიზისს უნგრეთისა და იტალიის პრემიერებთან განიხილავდა. "მოგვატყუეს", "გაგვეთამაშნენ", "სიტყვა გატეხეს" - ეს ის სიტყვებია, რაც პუტინის გამოსვლაში ყველაზე ხშირად ისმოდა. კრემლის ლიდერი დასავლეთთან დათმობაზე წასვლას არ აპირებს.
ალიანსი რომ პუტინისთვის არა თავდაცვითი ორგანიზაცია, არამედ საფრთხეა, სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ განაცხადა. რუსეთის პრეზიდენტმა განიხილა სცენარიც, რომ თუ უკრაინა ნატოს წევრი იქნება, შესაძლოა ყირიმში სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და დასავლეთს შორის ვერბალური ომი გრძელდება, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისთვის სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
ბორის ჯონსონმა კიევში ვიზიტის დროს უკრაინას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. დიდი ბრიტანეთის პრემიერი ამბობს, რომ რუსეთი გავლენის სფეროების შექმნას ცდილობს და უკრაინასთან ერთად, დასავლეთმა საქართველოზე, მოლდოვასა და სხვა ქვეყნებზეც უნდა იფიქროს.
მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებით ბლინკენმა და ლავროვმა გუშინ 30 წუთის განმავლობაში ისაუბრეს. სახელმწიფო დეპარატმენტში ფიქრობენ, რომ ამ ზარით მხარეები რაიმე კონკრტულ შეთანხმებამდე არ მისულან. ვაშინგტონი ჩიხიდან გამოსვლის ერთადერთ გზას დეესკალაციაში ხედავს, თუმცა რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედრო კონტიგენტს კვლავ არ ამცირებს და ერთობლივი სამხედრო წვრთნებს ბელარუსშიც ატარებს.