რა ვადით შეიძლება შეუმცირდეთ სასჯელი მსჯავრდებულებს პანდემიის გამო - "ღამის კურიერის" ერთ-ერთი მთავარი საკითხი ამნისტიის კანონპროექტი იყო. საუბარია სასჯელის შემცირებაზე მათთვის, ვისაც პანდემიის გამო უფლებები შეეზღუდათ. მაგალითად აეკრძალათ პაემნები. "ქართული ოცნების" მიერ შემოთავაზებული ცვლილებით, ასეთ მსჯავრდებულებს სასჯელის ვადა 28-ა დღით შეუმცირდებათ.
"ასეა შემოთავაზებული ინიცირებულ ვერსიაში, რა პერიოდითაც მოუწიათ სასჯელის მოხდა ამ პერიოდის განმავლობაში ყოველი 4 დღე, ასეთ პირობებში მოხდილი მაგალითად პაემნების დღე არ ჰქონდათ, ჩაეთვლებათ 5 დღედ. ამრიგად ვინც შეზღუდვების პერიოდი იქ გაატარა დღევანდელი ინიცირებული ვერსიის მიხედვით შეუმცირდება სასჯელი დაახლოებით 28 დღით. თუ იქნება შესაძლებელი, რომ ეს გახდეს მეტი ბუნებრივია, რომ ამას გავაკეთებთ. ეს უნდა იყოს დოკუმენტი, რომელიც იქნება კონსენსუს უნარიანი, ისეთი იდეა უნდა იყოს გატარებული, რომელიც შესაბამისი რაოდენობის მხარდამჭერებს მოიპოვებს,"- განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ.
შეთავაზებულ ვადას არასაკმარისად მიიჩნევს "გირჩი" და მის სულ მცირე, სამ თვემდე გაზრდას ითხოვს. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ პროექტზე მუშაობა გრძელდება და ისინი ყველაზე ოპტიმალური ვადის შერჩევას ეცდებიან.