20 ნოემბერი 2024,   15:33
ვრცლად
"ამ კვირის ბოლოსთვის ველოდებით პიკს და ამ პიკის შემდეგ უკვე დაიწყება რეალურად კლება" - დევი ტაბიძე

ეპიდვითარების პიკი ქვეყანაში - მომდევნო რამდენიმე დღე გადამწყვეტი იქნება და გამოჩნდება, როდის წავა ტალღა დაღმავალი ფაზისკენ

გაზრდილი სტატისტიკის ფონზე, სპეციალისტები ამბობენ, რომ ვირუსი ხშირ შემთხვევაში მსუბუქად მიმდინარეობს, მძიმე პაციენტების რაოდენობა არ იზრდება და არ იმატებს არც რეანიმაციაში მყოფ პირთა რიცხვი. 

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, დევი ტაბიძე ამბობს, რომ რეანიმაციულ განყოფილებებში მყოფი პაციენტების უმრავლესობა დელტა შტამით არის ინფიცირებული და მათი დიდი პროცენტი ვაქცინირებული არ არის. 

"ამ კვირის ბოლოსთვის ჩვენ ველოდებით პიკს და ამ პიკის შემდეგ უკვე დაიწყება რეალურად კლება. კლება დაიწყება ეტაპობრივად, ერთიანად არა და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, რომ ჰოსპიტალური სექტორი ნელ-ნელა უფრო განიტვირთება.

რეანიმაციულ განყოფილებაში "ომიკრონი" არ არის, დღევანდელი მონაცემებით თითქმის არ არის და დაავადებულთა ძირითადი რაოდენობა არის ისევ დელტა შტამი. 80-85% დელტა შტამით დაავადებული პაციენტების ვინც არის რეანიმაციაში, არიან აუცრელები," - ამბობს დევი ტაბიძე.

ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მაკა ბულეიშვილი მოსახლეობას მოუწოდეს, მცირე სიმპტომების შემთხვევაშიც დარჩნენ იზოლაციაში. 

"მიუხედავად იმისა, რომ ესეთი მაღალია დაინფიცირებულთა რიცხვი, ყველაზე მნიშვნელოვანია მომდევნო დღეებში მაქსიმალურად შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ შეიძლება ავყვეთ პანიკას. შესაძლებელია, რომ დაინფიცირებულთა რიცხვის მატება კიდევ იყოს უახლოეს პერიოდში, ეს მოსალოდნელია ცხადია, განსაკუთრებით უნდა ვთხოვოთ ყველას, რომ ელემენტარული სიმპტომების შემთხვევაშიც კი ვიმყოფებოდეთ იზოლაციაში, რომ როგორმე შევძლოთ შემდგომში არ გავხდეთ დაავადების გავრცელების წყარო," - ამბობს მაკა ბულეიშვილი.   

დღის ამბები