რუსთავის მერიამ ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის 7 მილიონი ლარით გაზრდის მოთხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ დღეს განაცხადა.
ბიუჯეტი ავარიული კორპუსების გამაგრება-აღდგენას, საბავშო ბაღების რეაბილიტაციას, სტიქიით დაზიანებული შენობების გადახურვას და სოციალურ პროგრამას ითვალისწინებს.
ეს ის საკითხებია, რაც რუსთავის საკრებულომ ხვალინდელ სხდომაზე უნდა გადაწყვიტოს. ნინო ლაცაბიძე იმედს გამოთქვამს, რომ ქალაქის საკანონმდებლო ორგანო რუსთავისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას მიიღებს.
"იმედი მაქვს, რუსთავის საკრებულო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და საშუალებას მოგვცემს, რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ ამ პროექტების განხორციელება," - ამბობს ნინო ლაცაბიძე.