საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსებიდან 104 წლის იუბილესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ჩვენი ისტორიისა და კულტურის უმნიშვნელოვანესი მონაპოვარია. იგი ათასწლოვანი საგანმანათლებლო ტრადიციების გაგრძელებაა, რომელიც დაარსების დღიდან მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებისა და განათლების განვითარებას, არამედ მის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, შემოქმედებით და საზოგადოებრივ ცხოვრებას.
დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ უნივერსიტეტის დამფუძნებელთა - ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილის, კონსტანტინე აფხაზის, ექვთიმე თაყაიშვილის, დიმიტრი უზნაძისა და სხვა დიდ მამულიშვილთა ღვაწლს. პატივს მივაგებთ ყველას, ვინც საკუთარი ცხოვრება დედა-უნივერსიტეტს მიუძღვნა.
პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, თითოეულ პროფესორს, სტუდენტსა და თანამშრომელს. მათთან ერთად ყველა კურსდამთავრებულს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას ვულოცავ დღევანდელ დღეს,"- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.