20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
გლობალური პანდემიის მიუხედავად საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს - შემოსავლების სამსახური

გლობალური პანდემიის მიუხედავად, საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამის შესახებ განცხადებას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

აქვე მოყვანილია სტატისტიკაც, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოში 194 422 ავტომობილის იმპორტი განხორციელდა. შემოსავლების სამსახური საუბრობს პრობლემაზეც, რომ რიგი ავტოიმპორტიორი კომპანიები განბაჟების ვადებს და პროცედურებს არღვევენ. სამსახური მოუწოდებს მათ, კანონით დაკისრებული ვალდებულებები შეასრულონ.

"ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა განსაზღვრულია 60 კალენდარული დღით, რომელიც შესაძლებელია გახანგრძლივდეს დამატებით 30 დღით (შესაბამისი საფასურის - 1 კალენდარულ დღეზე 5 ლარის გადახდით), ხოლო  რეექსპორტში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გაყვანის ვადა შეადგენს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 45 კალენდარულ დღეს.

ზემოაღნიშნული ვადების გადაცილება წარმოადგენს საბაჟო სამართალდარღვევას, თუმცა კორონავირუსის (COVID-19) გავრცელებით შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებთან გასამკლავებლად, ასევე, ბიზნესის ხელშეწყობისა და სექტორის შემდგომი განვითარების მიზნით, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით რამოდენიმეჯერ განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელთა პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება კონკრეტულ ვადებზე მითითებით.

კერძოდ, თავდაპირველად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 აპრილამდე შემოყვანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს მიეცათ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის ან რეექსპორტის განხორციელების ვადა 2020 წლის 1 სექტემბრამდე. შემდგომ, აღნიშნული შეღავათი, აგრეთვე გავრცელდა  2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე და ბოლოს, დეკლარირების ვადა   2021 წლის 1 ივნისამდე გადავადდა.

აღსანიშნავია, რომ 2019-2021 წლის მონაცემების მიხედვით, იმპორტირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა გაზრდილია და  ასე გამოიყურება:

• 2019 წელი - 56 325 ავტომობილი

• 2020 წელი - 61 141 ავტომობილი

• 2021 წელი - 76 956 ავტომობილი

განხორციელებული შეღავათების  მიუხედავად, კვლავ ფიქსირდება ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა მიმართაც დარღვეულია დანიშნულების საბაჟო ორგანოში წარდგენის ან/და საბაჟო პროცედურაში/რეექსპორტში მოქცევის ვადები და შეუსრულებელია საგადასახადო ვალდებულებები.

საბაჟო დეპარტამენტის მიერ, განხორციელებულია შესაბამისი სამართალდარღვევის საქმისწარმოება და გატარებულია დაკისრებული სანქციის აღსრულების ღონისძიებები, ხოლო სამართალდარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით, გარკვეული დარღვევების შესახებ საქმის მასალები გადაცემულია საგამოძიებო ორგანოებში.

აქვე განვმარტავთ, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლის ზონაში წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეკისრება დეკლარანტს - საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს/მინდობილ პირს. ამასთან, თუ სამართალდამრღვევი პირი ერთზე მეტია, საბაჟო კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა მათ სოლიდარულად დაეკისრებათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლების ინიციატივით, არა ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, როგორც ავტო - იმპორტიორი კომპანიის წარმომადგენლებთან, ასევე ავტომობილების მფლობელებთან, სადაც მათ შესაძლებლობა მიეცათ მათთვის აქტუალურ თემებზე და არსებულ გამოწვევებზე ესაუბრათ.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს სატრანსპორტო საშუალების მფლობელებს/წარმომადგენლებს, შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დროულად უზრუნველყონ სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევის აღსრულება," - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები