20 ნოემბერი 2024,   15:21
ვრცლად
"სამურაი დასვენების ჟამს" - ქართული ფილმის პრემიერა ბერლინში, "ბერლინალეს" ევროპული კინობაზრობის ფარგლებში შედგება  

"სამურაი დასვენების ჟამს" - ასე ეწოდება ფილმს, რომელიც კომედიური დრამაა. ფილმი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც წარმატების მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევენ. ამ თემის საერთაშორისო კინოინდუსტრიისთვის გაზიარება, რეჟისორმა ლევან თუთბერიძემ ბერლინში გადაწყვიტა. სრულმეტრაჟიანი ფილმის პრემიერა "ბერლინალეს", ევროპული კინობაზრობის ფარგლებში შედგება. 

ევროპულ კინობაზრობაზე საერთაშორისო კინოფესტივალის წარმომადგენლები ოთხ ქართულ ფილმს ნახავენ - "მშვენიერი ელენე", "ლოტო - იგავი ზღვისპირა ქალაქზე" და "ოთარის სიკვდილი". რეჟისორ სოსო ბლიაძის ფილმმა უკვე არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე იმოგზაურა. თუმცა, რეჟისორის თქმით "ბერლინალეს" კინოს მარკეტზე "ოთარის სიკვდილის" ჩვენებით, ფილმის საერთაშორისო მომავალი განისაზღვრება. 

ბერლინის საერთაშორისო ფესტივალზე, ევროპული კინობაზრობის ფარგლებში, საქართველო წელს მეჩვიდმეტედ წარდგება. ქართულ ფილმებთან ერთად, ფესტივალზე ქართველი მწერლის ნინო ხარატიშვილის რომანი "უკმარი სინათლეც" მოხვდა. ხარატიშვილის პროზაული ნაწარმოები ერთ-ერთია იმ 10 წიგნს შორის, რომელიც წარდგება სექციაში ”წიგნები ბერლინალეზე”.

ბერლინის რიგით 72 საერთშორისო კინოფესტივალი 10 თებერვალს გაიხსნა. ევროპული კინობაზრობა წელს, პანდემიის გამო ონლაინ ტარდება. თუმცა ბერლინალეზე წარდგენილი საკონკურსო ფილმების ჩვენება, ჩვეულ ფორმატში მიმდინარეობს. კინოინდუსტრიის წარმომადგენლები კი ერთ- ერთი ყველაზე პრესიტიჟული ჯილდოს, "ოქროს დათვის" მფლობელების ვინაობას 20 თებერვალს გაიგებენ.

დღის ამბები