20 ნოემბერი 2024,   15:37
ვრცლად
10 წლის სუდანელი ბიჭი 8 საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს - ის ნაგვის მანქანაში ჩავარდა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში, 10 წლის ბიჭი რვა საათიანი სამაშველო ოპერაციის შემდეგ გადაარჩინეს. ბავშვი ნაგვის სატვირთო მანქანაში ჩავარდა და იქ რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გაჭედილი, რადგან მანქანა მწყობრიდან გამოვიდა. ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც ირკვევა, 10 წლის მაჯედ მუბარაქ იბრაჰიმი დასუფთავების სატვირთო მანქანაზე მუშაობდა, ნაგვის ჩაყრის დროს კი სატვირთოში ჩავარდა.

მოზარდი ახლა საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დამატებითი დეტალები არ ვრცელდება.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ჩანს, როგორ ცდილობენ მაშველები ბიჭის გათავისუფლებას.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელებში მომხდარს აქტიურად განიხილავენ. ამბობენ, რომ უბედური შემთხვევა ნათელს ჰფენს სუდანში ბავშვთა შრომის საკითხს, მათი თქმით, ბავშვებზე ხშირად ექსპლუატაციას ახდენენ და ზოგ შემთხვევაში ჯარისკაცადაც აჰყავთ.

როგორც ცნობილია, სუდანში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა, რაც ბავშვებს სახიფათო შრომასაც აიძულებს. ხარტუმში და სხვა დიდ ქალაქებში ქუჩაში ათასობით ბავშვია. 

გაეროს ბავშვთა სააგენტოს (UNICEF) მონაცემებით, დაახლოებით სამი მილიონი სუდანელი ბავშვი განათლებას ვერ იღებს.

 

დღის ამბები