თვითმარქვია ბერის სკანდალური სატელევიზიო აღსარება "კურიერმა" ექსკლუზიურად ჩაწერა. პიროს მუმლაძე ჰყვება, რომ მისი სექსუალური კუთვნილების შესახებ ოჯახმაც და გარემოცვის წევრებმაც იციან. თუმცა, მორჩილი ამბობს, რომ ამის გამო არაერთი დაპირისპირება მოუვიდა სხვადასხვა პირთან, ერთ-ერთი ასეთი ჩხუბის კადრები გავრცელდა დღეს სოციალურ ქსელში, რომელიც ირკვევა, რომ ორი დღის წინ მოხდა.
ეს ფიზიკური დაპირისპირება თემქაზე, უცნობი გმირების ქუჩაზე მოხდა. კაფეში მომხდარ ფაქტს, სადაც ერთი შემოსილი პირი მეორეს სასტიკად უსწორდება, 2 ადამიანი შეესწრო. ნაცემი მუმლაძე "კურიერთან" ჰყვება, რომ მსგავსი ფიზიკური დაპირისპირება წარსულშიც მოხდა.
მონაყოლის მიხედვით ირკვევა, რომ ილარიონ გიგოლაშვილმა მუმლაძის აღიარება პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით გადაიღო და სოციალურ სივრცეში გაავრცელა. "კურიერი" იმყოფებოდა მის საცხოვრებელ სახლში ურეკშიც, მაგრამ ის ტელეკამერებთან დღეს არ გამოჩენილა. 4-წუთიან ვიდეოში ის დეკანოზ შალვა კეკელიასაც ახსენებს. სასულიერო პირი ამბობს, რომ მუმლაძის სექსუალური კუთვნილების შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს შეიტყო და დაუყოვნებლივ სინოდის წევრებს დახმარების თხოვნით მიმართა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ მძიმე ვიდეომასალის გავრცელებისთანავე, საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ეპარქიებთან გავლილი კონსულტაციის მიხედვით, არცერთი პირი არ არის ბერად აღკვეცილი და ისინი მორჩილები არიან.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის, მუქარით ჩადენილი დევნისა და პირადი ცხოვრების ამსახველი საიდუმლოების, უკანონოდ მოპოვებული ინფორმაციის და სოციალურ ქსელში გავრცელების მუხლებით დაიწყო.