სახალხო დამცველმა ეუთო/ოდირს 2 თებერვალს მიმართა და სახელმწიფო ინსპექტორის შესახებ კანონში განხორციელებული ცვლილებების შეფასება სთხოვა. პასუხი, როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, კრიტიკულია. ომბუდსმენის განმარტებით, ეუთო/ოდირი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილებას ნაჩქარევად მიიჩნევს და ითხოვს საკანონმდებლო ცვლილებების მოქმედება შეჩერდეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სახალხო დამცველს, პარლამენტის გვერდის ავლით, ეუთო/ოდირთან კონსულტაციების გამართვის გამო უსაყვედურა. ანრი ოხანაშვილი უფრო მეტი სიცხადისთვის, ევროპული სტრუქტურისთვის სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი კითხვების გასაჯაროებასაც ითხოვს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტმა გასული წლის ბოლოს დაამტკიცა. ოპოზიცია მაშინაც და ახლაც ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად ორი უწყების შექმნას არ ეთანხმება და მმართველ პარტიას კანონის უზენაესობის ხელყოფაში ადანაშაულებს.
ცვლილებების მიზანს წარმოადგენდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კიდევ უფრო ეფექტიანი და ინსტიტუციური მოწესრიგება - ასე განმარტავენ საკუთარ გადაწყვეტილებას მმართველ გუნდში. დეპუტატები "ქართული ოცნებიდან", სახალხო დამცველის პოლიტიკურ ინტერესებზეც აკეთებენ აქცენტს.
პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 მარტს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უქმდება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელად უკვე აირჩიეს ლელა ჯანაშვილი, საგამოძიებო სამსახურს კი კოკა კაციტაძე უხელმძღვანელებს.