ქვეყანამ პანდემიის განმავლობაში ყველაზე დიდი ტალღას გაუძლო - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი საუბრობს და ამბობს, რომ შეიძლება ითქვას, პანდემიის ეს ტალღა დამთავრებულია.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად უნდა გამოცხადდეს.
"ერთი რამ ცხადია, ქვეყანამ დიდი ალბათობით, ამ პანდემიის ისტორიაში ყველაზე დიდ ტალღას გაუძლო და შესაბამისად, ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა და ჯანდაცვის სისტემის დატვირთვა გახდა გაძლებადი, რაც იძლევა იმის საშუალებას, რომ შეიძლება ითქვას, პანდემიის ეს ტალღა დამთავრებულია.
რა თქმა უნდა, ჩვენმა ქვეყანამაც რაღაც პერიოდის შემდგომ უნდა მიბაძოს მსოფლიოს სხვა ქვეყნებს. მე ვუჭერ მხარს, რომ ინფექციის კონტროლი პერსონალური პასუხისმგებლობის საკითხად გამოცხადდეს," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ს პროფესორი ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ინფექციის გავრცელების ტალღა შემცირებულია, ახლა მთავარია რა ციფრზე დასტაბილურდება მონაცემები.
"დღევანდელი დღეების მანძილზე შემცირების ტენდენცია გაგრძელდება. მთავარი საკითხი იქნება, რა ციფრზე შენარჩუნდება ინფიცირების მაჩვენებელი. რა იქნება ის სტაბილური ციფრი, როდესაც ჩვენ შეგვეძლება თქმა, რომ ეს არის უკვე ტალღის დასასრული. ჩვენთვის სასურველი ციფრი იქნება რამდენიმე ასეული ინფიცირებული ადამიანი დღის განმავლობაში. თუ არ გამოჩნდა ახალი მუტაცია, საქართველოში მეტ-ნაკლებად სტაბილური მდგომაროება იქნება შენარჩუნებული. ძირითადი საფრთხე არის ახალი მუტაცია,“ - აცხადებს ივანე ჩხაიძე.