20 ნოემბერი 2024,   15:30
ვრცლად
უფასო სასტუმროს სერვისით უკვე ასამდე ტურისტი სარგებლობს - კიდევ რა დახმარების მიღება შეუძლიათ მათ ცხელ ხაზზე დარეკვის შემთხვევაში 

უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში ტურისტული მიზნით იმყოფებიან, სასტუმროში უსასყიდლოდ დარჩენა შეუძლიათ. უკვე დაახლოებით ასამდე ტურისტია განაწილებული სხვადასხვა სასტუმროში. ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც საჭიროების შემთხვევაში, უკრაინელი ტურისტებს შეუძლიათ დარეკონ და ყველა სახის ინფორმაცია და დახმარება მიიღონ.

ინიციატივას უერთდებიან რიგითი მოქალაქეები და კერძო ბიზნეს სექტორიც. 

უკრაინის მოქალაქეები საქართველოში 17 თებერვალს ჩამოვიდნენ. ტურისტული მარშრუტი მათთვის დაგეგმილზე დიდხანს გაგრძელდა.

სამშობლოში გუშინ უნდა დაბრუნებულიყვნენ, თუმცა რუსული აგრესიის გამო ეს შეუძლებელია. საქართველოში მყოფი 10 კაციანი ჯგუფი, ახლა სასტუმრო "ამერი პლაზაში" იმდენ ხანს დარჩება, სანამ სამშობლოში საომარი მოქმედება არ შეწყდება. 

საქართველოს მოქალაქეებს შეუერთდნენ ბიზნესასოციაციის წარმომადგენლებიც. დახმარებისთვის მზად არიან სასტუმროები და კვების ობიექტები. 

ქვეყანაში ჩარჩენილი უკრაინელი მოქალაქეები დასახმარებლად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ცხელი ხაზი აამოქმედა. ამ ეტაპზე ადმინისტრაციაში 100-ზე მეტი ზარია შესული და ყველა მათგანი დაკმაყოფილებულია. 

საქართველოს სოლიდარობა უკრაინას,  ეს ყველა სფეროში იგრძნობა. სოციალურ მედიაში შექმნილია სპეციალური გვერდი, სადაც რიგითი მოქალაქეები, ბიზნესის წარმომადგენლები, უსასყიდლოდ საქართველოში დარჩენილ უკრაინელ მოქალაქეებს დახმარებას სთავაზობენ. თავშესაფარი, საკვები, სამედიცინო დახმარება, - ქართველები მეგობარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ, ამ საშუალებებით სოლიდარობას იმ დრომდე გამოხატავენ, სანამ ეს საჭირო იქნება.

დღის ამბები