20 ნოემბერი 2024,   20:29
ვრცლად
"სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის" - ირაკლი ღარიბაშვილი

"სახელმწიფო მთლიანად დაფარავს ტარიფში არსებულ სხვაობას სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის," - ეს დაპირება პრემიერ-მინისტრი  ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის კანცელარიაში საგნაგებოდ გამართლ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც ასევე აღნიშნა, რომ "სემეკს ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, კომპანიები ვერ შეძლებდნენ ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მოწოდების უზრუნველყოფას".

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო ტარიფი რეგიონებში უკვე გაიზარდა და ანალოგიური გადაწყვეტილება თბილისის მომხმარებლებთან მიმართებაშიცაა მოსალოდნელი, საქართველოს რეგიონში დენს მაინც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საფასური აქვს. 

"მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო მოსახლეობას, რომ ჩვენმა მთავრობამ, როცა ამის რეალური შესაძლებლობა იყო და როცა დავინახეთ, რომ ჩვენი მოსახლეობა ზედმეტს იხდიდა, ყოფილი პრემიერის ინიციატივით წამოვწიეთ ტარიფის თემა, აქტიურად ვიმუშავეთ სემეკთნ და მაშინ, 3 წლის წინ ტარიფის შემცირება გახდა შესაძლებელი დაახლოებით 4 თეთრით.

"ამ დრომდე ანალოგიური ნაბიჯი არც ერთ მთავრობას არ გადაუდგამს. ამ გადაწყვეტილებით დაიზოგა ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 150 მილიონ ლარამდე თანხა – ეს არის ის თანხა, რასაც მოსახლეობა ზედმეტად იხდიდა წლების განმავლობაში. თუმცა დღეს გვაქვს შეცვლილი ვითარება და არამარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში, რის გამოც ტარიფის კორექტირება გახდა გარდაუვალი 3,35 თეთრით.

"მიუხედავად მატებისა, მინდა, განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ რეგიონში გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ტარიფი. კერძოდ, რეგიონის ქვეყნებთან შედარებით საქართველოზე დაბალი საყოფაცხოვრებო ტარიფი მხოლოდ აზერბაიჯანს აქვს. ჩვენი საყოფაცხოვრებო ტარიფი 17%-ით ნაკლებია, ვიდრე სომხეთის, 19%-ით ნაკლები ვიდრე მოლდოვეთის და 38%-ით ნაკლები, ვიდრე ლიტვის. რაც შეეხება თურქეთის საშუალო საყოფაცხოვრებო ტარიფს, ჩვენგან განსხვავდება 52%-ით. 

"სემეკს ტარიფის კორექტირებაზე გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, სამწუხაროდ, კომპანიები, რომლებსაც ფინანსური რესურსი არ დარჩათ იგივე არსებული ხაზების მოსავლელად, ვეღარ შეძლებდნენ განვითარებას და ელექტროენერგიის უწყვეტ რეჟიმში მოწოდებას, რაც რა თქმა უნდა, იქნებოდა დაუშვებელი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 
დღის ამბები