უკრაინაში მიმდინარე მოვლენები იქნება დღეს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ბიუროს სხდომაზე მთავრი განხილვის თემა.
მმართველი გუნდის ოპონენტები უკრაინის სოლიდარობის და მხარდაჭერის ინიციატივით გამოდიან. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ რომ ყველა სადეპუტატო მანდატს გამოიყენებენ და არ გამორიცხავენ რომ საკომიტეტო მოსმენის დონეზე პარლამენტში მთავრობის წარმომადგენლები დაიბარონ.
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "მოქალაქეები" წევრი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ უკრაინელებმა საქართველოს მხარდაჭერა უნდა იგრძნონ.
"მთავარია, რომ უკრაინელებს დავანახოთ საქართველოს პარლამენტი მათ გვერდით დგას. ჩვენს პარტიას ექნება თავისი ინიციატივები რაც ჰუმანიტარულ საკითხებთან არის დაკავშირებული,"-აცხადებს იოსელიანი.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" წევრი თეონა აქუბარდია აღნიშნავს, რომ ახლა უკრაინის მხარდაჭერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოს მხრიდან.
"გვექნება ინიციატივები, როგორც საერთო ოპოზიციური კუთხით ასევე ინდივიდუალური ინიციატივები. ვითხოვთ ისეთი პროპაგანდისტული მაუწყებლობების შეჩერებას, რომლებიც დეზინფორმაციის გავრცელებას უწყობენ ხელს,"-აცხადებს აქუბარდია.