შეეცდება თუ არა რუსეთი საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას და რატომ გააქტიურდა ახლა - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე პროცესებს უკრაინაში ვერ მიღწეულ მიზნებს უკავშირებს. ჯემალ გამახარიას აზრით, ამით კრემლი წარუმატებლობის გადაფარვას შეეცდება, თავის მხრივ რეფერენდუმის იდეა კი საფრთხის შემცველი მუქარაა. ანალოგიური მოსაზრება აქვს პოლიტიკოსების ნაწილსაც.
"ჩვენი ერთადერთი გზა ეს არის გავაგრძელოთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ - სანქციებით. იმ სასანქციო პაკეტში რაც უკვე არსებობს და ალბათ მომავალში იქნება, მასში ჩაჯდეს არამარტო უკრაინა და იქიდან ჯარების გაყვანა და ა.შ, არამედ საქართველოს დეოკუპაციაც. აი ეს არის დღეს ალბათ ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი მთავრობის, ჩვენი დიპლომატიის, ჩვენი ხალხის, პოზიციის, ოპოზიციის და ყველას ერთად," - განაცხადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ.
"ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, საჭიროა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევა და ჰააგის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა.
"პრეზიდენტი და პრემიერი ჩავიდნენ ნიუ-იორკში და მოიწვიონ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს საგანგებო სხდომა, პარლამენტის საგანგებო სესია და მიღებული იქნას რეზოლუცია ქართველი ერის მიმდინარე გენოციდზე, რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შეიქმნას ჰააგის სპეციალური ტრიბუნალი რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის წინააღმდეგ, ქართველი ერის გენოციდის გამო ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე.
ცხინვალის რეგიონში მოქმედ ყველა თვითმარქვია სეპარატისტზე დაწესდეს ისეთი ფინანსური და დიპლომატიური სანქციები, რომ მათ ფეხი ვერ გაადგან მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში," - აცხადებს ნათელაშვილი.
პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი ფიქრობს, რომ ასეთ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი დასავლეთთან დროული ინტეგრაცია და პარტნიორობის გაღრმავებაა.
"(რუსეთი) რატომ აკეთებს ამას? 2008-ში საერთოდ რატომ დაიწყო ომი ჩვენს წინააღმდეგ, რატომ მოახდინა ე.წ სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია? იმიტომ რომ ოკუპანტია, მისი პოლიტიკა, მისი მოქმედება ასეთი იყო, ასეთი არის და დიდი ალბათობით ასეთი იქნება მომავალშიც. ამ პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი დროული ინტეგრაცია დასავლეთთან და შენი მჭიდრო პარტნიორობა სტრატეგიულ პარტნიორებთან," - ამბობს მიხეილ დაუშვილი.
"ქართული ოცნების" წევრი რატი იონათამიშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლება ხმარობს ყველა ბერკეტს რათა საერთაშირისო ყურადღება მიეპყროს ყველა მსგავს ფაქტს და მოხდეს მათი შესაბამისი შეფასება.
"ოკუპაცია არის მუდმივი საფრთხე და სანამ იარსებებს ოკუპაცია ცხადია პროვოკაციები იქნება მუდმივი და ამის საპასუხოდ აუცილებელია რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად გვქონდეს თითოეული ასეთი შემთხვევის საკმაოდ მკაცრი, მაღალი სტანდარტის შეფასება. ეს ასეც ხდება ყოველ ჯერზე, თუნდაც ამის შედეგები აისახება შემდგომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე და სხვა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციების ანგარიშებსა თუ რეზოლუციებში და ამაზე ჩვენი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს," - განაცხადა რატი იონათამაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის რეგიონში, სადაც ათ აპრილს ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებია დაგეგმილი, უკვე დასახელდა რუსეთთან მიერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების სავარაუდო ვადები. ოკუპირებულ აფხაზეთში კი აცხადებენ, რომ რუსეთის შემადგენლობაში შესვლას არ აპირებენ.