20 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ზვიად ზვიადაძემ ეროვნული გმირის არჩილ ტატუნაშვილის საფლავი ყვავილებით შეამკო

არჩილ ტატუნაშვილი, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის სისასტიკემ იმსხვერპლა დღეს 39 წლის გახდებოდა - შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის უფროსი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.

ზვიად ზვიადაძემ ახალგორის რაიონის გამგებელთან ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო და ეროვნული გმირის საფლავი ყვავილებით შეამკო.

"დღეს ჩვენი დროის გმირის არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა. იგი 39 წლის გახდებოდა. სამწუხაროდ, დამნაშავეები, რომლებმაც მისი სიცოცხლის ხელყოფაში მიიღეს მონაწილეობა, დღემდე რეალურად დაუსჯელნი არიან. სახელმწიფო მაქსიმალურს აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს, რათა მსგავსი ფაქტები არ განმეორდეს, რათა დასრულდეს ოკუპაცია და რათა სათანადო პასუხი აგონ იმ ადამიანებმა, ვინც ამ უკანონობას სჩადიან. ამ დღეებში ჩვენ ვიხილეთ კიდევ ერთი უკანონობის დადასტურების თუ დამტკიცების მცდელობა, როცა დეფაქტო რეჟიმის და საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე გააკეთეს განცხადებები. ჩვენ, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მსოფლიოს ცივილიზებულ ნაწილთან ერთად, ყოველდღიურ რეჟიმში ვმუშაობთ, ამ უკანონობის დასასრულებლად და ღრმად ვართ დარწმუნებულნი, რომ არჩილ ტატუნაშვილის და ჩვენი გმირების სიცოცხლე, მათი დაღვრილი სისხლი, იქნება საფუძველი, გარანტი იმისა, რომ მომავალში ოკუპაცია აღარასდროს განმეორდება და თაობები გაიზრდებიან ამ გმირობების მაგალითზე. ის თაობები, რომლებიც აუცილებლად დამოუკიდებელ, ერთიან და მშვიდობიან საქართველოში იცხოვრებენ," - განაცხადა ზვიად ზვიადაძემ.

დღის ამბები