20 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
"სიმართლე გითხრათ, სხვისი არაფერი არ მინდოდა, ერთი თეთრიც კი" - ლევან რატიანი გარდაცვლილი პროფესორის მაია დგებუაძის ოჯახის ბრალდებებს პასუხობს

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი მედიაში გამოქვეყნებულ ბრალდებებს პასუხობს, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანატომიის კათედრის პროფესორს, მაია დგებუაძეს და მის გარდაცვალებას უკავშირდება.

მაია დგებუაძე 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. როგორც გარდაცვლილის ძმა ამბობს, ლევან რატიანმა ოპერაციის ჩატარება ოჯახთან შეთანხმების გარეშე გადაწყვიტა. ორდე დგებუაძე ირწმუნება, რომ ექიმი დაინტერესებული იყო პროფესორის ქონებრივი მდგომარეობით. ამიტომ, ორდე დგებუაძის მტკიცებით, ოპერაციამდე რამდენიმე თვით ადრე, ლევან რატიანმა მაია დგებუაძეს ანდერძი შეადგენინა, რომლის მიხედვითაც პროფესორის საკუთრებაში არსებული ყველა სახის ქონება მას რჩებოდა.   

ლევან რატიანი გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად თავად გარდაცვლილი პროფესორის მიერ შედგენილი ანდერძი და მისი შინაარსი მოჰყავს.

"პროფესორის ხელით დაწერილი ანდერძი ნამდვილად არსებობს, რომელიც შედგენილია ივლისში, მე კი ნოემბერში მომიტანა. ამ ანდერძის შესახებ არ ვიცოდი ჯერ კიდევ ნოემბერში, როცა ქალბატონი მაია გამოკვლევებს იკეთებდა. ის იყო ჩემი პროფესორი, მასწავლიდა ანატომიას და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მე მესწავლა. ის ჩემი საუკეთესო უფროსი მეგობარი იყო. კოვიდიდან გამომდინარე, გარკვეული პერიოდი მასთან კონტაქტი არ მქონია და დაახლოებით, 2020 წლის მაისის თვეში მითხრა, რომ ვერ ყლაპავდა, ვერ სვამდა და ჩვენთან კლინიკაში მოვიდა.

მას თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა აბსოლუტურად ყველა კვლევა. ბიოფსიის შედეგად დადგინდა დიაგნოზი - თავქვე სიმსივნე, რომელიც იწვევდა სასიცოცხლო ფუნქციების მოშლას. თოდუას კლინიკაშივე დაიგეგმა ოპერაციაც. მაია ანატომი იყო და თავიდან ბოლომდე იცოდა ყველაფერი, რა და როგორ იქნებოდა. მას უნდოდა გერმანიაში ოპერაცია ექიმ ასლან გერმანიშვილთან გაეკეთებინა. საბედნიეროდ, ასლანი საქართველოში იყო ჩამოსული. კვლევების საფუძველზე, ასლან გერმანიშვილი და დიმა კორძაია ქალბატონ მაიასთან ერთად ოპერაციის ჩატარებაზე შეთანხმდნენ. ამის შემდეგ, ბატონმა ასლანმა ეს ოპერაცია ჩემს კლინიკაში ჩაატარა,"– აცხადებს ლევან რატიანი.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, გარდაცვლილი მაია დგებუაძის ოჯახის ბრალდებას იმასთან დაკავშირებით, რომ ოპერაციის საჭიროება არ არსებობდა, არ იზიარებს. ლევან რატიანი აცხადებს, რომ ოპერაციის გაკეთების გადაწყვეტილება მხოლოდ მას შემდეგ მოხდა, რაც პაციენტს შესაბამისი სამედიცინო კვლევები ჩაუტარდა, ოპერაცია კი თავად პაციენტთან შეთანხმებით, ქირურგმა ასლან გერმანიშვილმა გაუკეთა, რომელიც იმ პერიოდში გერმანიიდან საქართველოში იყო ჩამოსული. ოპერაცია ლევან რატიანის კლინიკაში გაკეთდა. 

"ეს ოპერაცია იყო სასიცოცხლო ჩვენებით. მე ქირურგი არ ვარ, მაგრამ ასლანი თავის დარგში პროფესიონალია და თუ სასიცოცხლო ჩვენება არ იყო, ოპერაციას არავითარ შემთხვევაში არ გაუკეთებდა. ბატონ ასლანს მაიასთვის ყველაფერი ჰქონდა ახსნილი. მაიასაც გაცნობიერებული ჰქონდა ყველაფერი. იმისათვის, რომ სიცოცხლის 0,001 პროცენტი შანსი მაინც მისცემოდა, მან ოპერაციის ჩატარება პერსონალურად ასლანთან გადაწყვიტა.

ასლანმა და დიმამ იციან, რომ მე ოპერაციის დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიმიღია და ვერც მივიღებდი. ისტორია არის კლინიკაში, რომლითაც დასტურდება, რომ ოპერაციის ჩატარება აუცილებელი იყო. ოჯახის ბრალდებით რა გამოდის - მე ასლანს მკვლელობა შევუკვეთე, მან ეს შეასრულა და ორივე დანაშაულის მონაწილე ვართ?! მაია კათედრის პროფესორი იყო, რომელმაც საკუთარი დიაგნოზი ზედმიწევნით იცოდა," - აცხადებს რატიანი.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ ლევან რატიანმა გარდაცვლილი მაია დგებუაძის ოჯახის წევრებს დაკრძალვაზე დასწრების უფლება არ მისცა. როგორც თავად ექიმი ამბობს, ამას დგებუაძის მიერ შედგენილი ანდერძი ავალდებულებდა და დასძინა, რომ მან შეასრულა ყველა ის თხოვნა, რაც ანდერძში იყო ნახსენები, მათ შორის გაწერილი იყო დაკრძალვის ცერემონიაც, დასასწრები სტუმრების სია და საფლავის ადგილმდებარეობა.

"მაიას ანდერძში ნათქვამი აქვს, სახლშიც რომ გარდაცვლილიყო, იქ ჩემს გარდა არავინ შესულიყო, მისი ოჯახის წევრებიც კი. მეორე მომენტიც არის - თუ საავადმყოფოში გარდაიცვლებოდა, ის უნდა გადასვენებულიყო მორგში და შემდეგ - იმ ეკლესიაში, რომლის სიახლოვესაც დაიკრძალებოდა. ეს მოხდა ვაკე–საბურთალოს სასაფლაოზე, თავად, დასვენებული იყო წმინდა ნინოს ეკლესიაში. ეს იყო პანდემიის პიკი და შეუძლებელი შევძელი. ორმოციც ზუსტად იმ დღეს გავაკეთე, რომელ დღესაც უწევდა, იანვრის ბოლოს, გაგანია პანდემიის დროს. ვინც ჩამოთვლილია ანდერძში, უმეტესობა მოვიდა. სასაფლაოც ვაკურთხე და ქრისტიანული წესით ყველაფერი გავაკეთე.

ოჯახის წევრებს ანდერძი წავაკითხე და ვუთხარი, რომ ის აუცილებლად უნდა შესრულებულიყო. ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რასაც ვყვები... მე  მწამს ღმერთი და ვერ შევხვდებოდი მაიას იმ ქვეყნად, ეს პირობები რომ არ შემესრულებინა," - აცხადებს ლევან რატიანი.

ლევან რატიანი პროფესორის მიერ დატოვებულ ქონებასთან დაკავშირებით, ასევე საერთაშორისო ბანკებში გახსნილ ანგარიშებზე და დგებუაძის ნაშრომებზე აკეთებს განმარტებას და ოჯახის ყველა ბრალდებას კიდევ ერთხელ ცილისწამებას უწოდებს. 

"სიმართლე გითხრათ, სხვისი არაფერი არ მინდოდა, ერთი თეთრიც კი. ეს მაიას ოჯახსაც ვუთხარი. ვფიქრობდი, თუ ოჯახის წევრებთან ნორმალური ურთიერთობა ჩამომიყალიბდებოდა, მათი პირობა შემესრულებინა და ბინა გადამეცა. მაიას მხოლოდ თბილისის ბინა უნდოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც ძმამ ორმოცზე მისი და ძალიან უწმაწური სიტყვით მოიხსენია, გადავწყვიტე, არაფერი აღარ მიმეცა. მას რომ სდომებოდა თავისი ნაწვალები მის ოჯახს ჰქონოდა, აუცილებლად მისცემდა.

მაიას არცერთი ნაშრომი არ დაბეჭდილა, ვერ დავჯექი და ვერ დავბეჭდე, თუმცა, აუცილებლად გავაკეთებ ამას. მაიას პროფილით ერთი სტატიაც არ გამომიქვეყნებია. ხოლო, 2013 წლიდან ერთი წიგნის პრეზენტაციაც კი არ მქონია. ანდერძში წერია, რომელი ნაშრომი უნდა დავასრულო და გამოვაქვეყნო, მაგრამ ამ დრომდე ვერ მოვიცალე ამისთვის. მას ბევრი რამ აქვს დასასრულებელი და დავპირდი, რომ ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებდი," - აცხადებს ლევან რატიანი. 

ექიმი ასევე ცილისწამებას უწოდებს გარდაცვლილის ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თითქოს მათ დაჭერით ემუქრებოდა. 

"ძალიან ძნელია, როცა შეურაცხყოფას გაყენებენ დედის გინებით, ამიტომ ვუთხარი, რომ საერთოდ აღარ დამკავშირებოდა. სხვა მხრივ, მუქარას ადგილი არ ჰქონია. ორდეს მეუღლე, ფიქრია ჩემთან მარტში იყო და მითხრა, რომ პრეტენზია არ ექნებოდათ, თუ მათ თბილისის ბინას გადავცემდი. დაიმუქრა კიდეც, რომ აუცილებლად გამოაქვეყნებდნენ და ჩემს დისკრიმინაციას  მოახდენდნენ, მაგრამ მათ, რეალურად, ამ ანდერძის გასაჯაროება არ აწყობდათ.

როგორც ამბობენ, ეს ბინა მაიას დედ-მამისეული იყო, მაგრამ ანდერძში წერია, რომ მათ ქონებასთან არანაირი შეხება არ აქვთ. ეს ბინა დიღომში მდებარეობს. ბინაში თვეში ერთხელ შევდივარ, მტვერს ვწმენდ, ვანთებ სანთელს და გამოვდივარ. მაიას უნდოდა, ეს სახლი ჩემი უმცროსი შვილისთვის დაეტოვებინა, რომელიც მე ძალიან მგავს. მე ჩემი მიზანი მაქვს, რომ აუცილებლად მისი დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანო,"- ამბობს ლევან რატიანი. 

ექიმი მზადყოფნას გამოხატავს, ოჯახს სამედიცინო დასკვნა გადასცეს, თუ ამას სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოითხოვენ.

"ძალიან კარგად იციან, რომ სამართლებრივად ბრძოლას აზრი არ აქვს. ფიქრიამ მითხრა კიდეც, რომ სამართლებრივად ვერ გაჯობებთ, რადგან სამართალი თქვენს მხარესააო.

რაც შეეხება სამედიცინო დოკუმენტაციის გაცემას, ამას თავისი წესი აქვს. თუ იარსებებს სასამართლოს განჩინება, აუცილებლად წაიღებენ ამ დასკვნას. რამდენიმე დღის წინ კლინიკაში იურისტები მოვიდნენ, რომლებსაც ამ დოკუმენტების ნახვა უნდოდათ, მაგრამ, ვინაიდან სასამართლოს განჩინება არ არსებობს, მათ ამის საშუალება ვერ მიეცათ," - აცხადებს ლევან რატიანი.

შეგახსენებთ, რომ პროფესორი მაია დგებუაძე 2020 წელს მძიმე დიაგნოზით გარდაიცვალა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი დღემდე პროფესორის მიერვე სიცოცხლეში დაწერილ ანდერძზე პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელს ლევან რატიანს ედავებიან. ოჯახი ამტკიცებს, რომ ლევან რატიანმა პროფესორის მძიმე მდგომარეობა მისი ფინანსური კეთილდღეობისთვის გამოიყენა, რათა დგებუაძის გარდაცვალების შემდეგ ანდერძით ექიმის საკუთრებაში გადასულიყო მაია დგებუაძის სახელზე არსებული ქონება. 

 

წყარო: "ჯორჯიათ თაიმსი"

დღის ამბები