დღეს ბზობაა. დიდი მარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
წმინდა სახარების მიხედვით, მაცხოვრის შესვლა იერუსალიმში ძლევამოსილი მეფის სატახტო ქალაქში შესვლას ჰგავდა და მას უბრალო ადამიანებმა საზეიმო შეხვედრა მოუწყვეს. იერუსალიმისკენ მიმავალ მაცხოვარს გზაზე ხალხი სამოსელს უფენდა, ზოგს კი პალმის (ბზის) რტოები ეკავა და ასე ეგებებოდა მას.
სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას სინოდის წევრ მღვდელმთავრებთან ერთად აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ ბზას აკურთხებენ და პატრიარქი მრევლს ქადაგებით მიმართავს.
ბზობა 12 საუფლო დღესასწაულს შორის ერთ-ერთია და აღდგომის წინა კვირას აღინიშნება. ამ დღეს ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას იხსენებს. მორწმუნეები ამ დღეს ტაძარში ბზის ტოტებით მიდიან, რომელსაც შემდეგ მთელი წლის განმავლობაში ინახავენ.
"დღევანდელ დღეს ეკლესია აღნიშნავს იესო ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში. იწყებოდა ის დღეები, როდესაც უნდა მომხდარიყო გაცემა, შეპყრობა, ჯვარცმა, ეს ვნების დღეები და მაცხოვარი გმირულად შედიოდა ამ განსაცდელებში. ყველა ადამიანი დღევანდელ დღეს ვფიქრობთ ჩვენს გულებში რომ შემოვუშვათ მაცხოვარი ამ დღესასწაულის მნიშვნელობით, როგორც მაცხოვარი შევიდა და შეეგება მთელი იერუსალიმი, ასევე ვეგებებით ჩვენც დღევანდელ დღეს მაცხოვარს და დღესასწაულს სიმბოლურად ბზების ტოტებით ვხვდებით," - აცხადებს არქიმანდრიტი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა იოვანე (მჭედლიშვილი).