20 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
კათოლიკური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს - რომის პაპის ქადაგების მთავარი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იყო

კათოლიკური ეკლესია აღდგომის დღესასწაულს ზეიმობს. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში ქრისტეს აღდგომა სიმბოლურად ტაძარში აღდგომის ცეცხლის შემობრძანებით აღნიშნეს. წელს ლიტურგიას პაპ ფრანცისკეს ნაცვლად კარდინალი ჯოვანი ბატისტა გაუძღვა. მოგიანებით პაპმა ქადაგება წაიკითხა, სადაც უკრაინაში მიმდინარე ომზე გაამახვილა ყურადღება. სააღდგომო ლიტურგიაზე უკრაინიდან მცირე დელეგაცია ჩავიდა, მათ შორის მელიტოპოლის მერი, რომელიც რუსი ოკუპანტების მიერ იყო გატაცებული. უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ერთ-ერთი მთავარი თემა იყო სააღდგომო მსახურებაზე, რა დროსაც რომის პაპმა დაახლოებით 100 000 ადამიანს მიმართა.

სააღდგომო წირვა ჩაატარეს უკრაინის კათოლიკურ ეკლესიაშიც. უკრაინელ მორწმუნეებს ახლა ღმერთთან მხოლოდ ერთი სათხოვარი აქვთ - ომში სამშობლოს გამარჯვება.

აღდგომის დღესასწაული იზეიმა ბრიტანეთის სამეფო ოჯახმაც. ისინი წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში სააღდგომო მსახურებაზე მივიდნენ. 1970 წლის შედეგ დედოფალმა ელისაბედმა მსახურების ცერემონიალი პირველად გამოტოვა. სააღდგომოდ კი ვიდეომიმართვა გაავრცელა ქვეყნის პრემიერ მინისტრმა. ბორის ჯონსონმა დღესასწაული კათოლიკე უკრაინელებსაც მიულოცა და მათდამი სოლიდარობის ნიშნად ვიდეო მიმართვის ნაწილი სწორედ ამ ენაზე ჩაწერა.

მთელი მსოფლიოდან ასობით კათოლიკე დაესწრო სააღდგომო ლიტურგიას ისტორიულ ქალაქ იერუსალიმში. მორწმუნეებმა დღესასწაული ტრადიციულად აღდგომის ტაძარში აღნიშნეს.
სააღდგომო ლიტურგიას იერუსალიმის პატრიარქი პიერბატისტა პიცაბალა გაუძღვა. მრავალსაუკუნოვანი ტაძარი ასობით სანთლის შუქმა და ლოცვის ჰანგებმა მოიცვა, რომელიც ქრისტიანების რწმენით იესოს ჯვარცმის, დაკრძალვისა და აღდგომის ადგილია.

 

ავტორი: თიკო ცერცვაძე 

დღის ამბები