20 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
1000-ბინიანი ქალაქი პოლიციისთვის ჯიქიას ქუჩაზე, ყველა შენობის და ბაზის რეაბილიტაცია - სამუშაოების სავარაუდო ღირებულება 350 მილიონი ლარია

ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 2 მილიარდ ლარს აჭარბებს, 20 ათასამდე ადამიანს დაასაქმებს. პრემიერი ამბობს, რომ მომდევნო ერთი წლის განმავლობაში მშენებლობის პროგრამა თითქმის ყველა საჯარო უწყებას შეეხება. უკვე გაწერილია პოლიციის ქალაქის მშენებლობის გეგმა. 1000-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი ძალოვანი უწყების თანამშრომლებისთვის იქნება და საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ. ასევე, ქვეყნის მასშტაბით არსებული საპოლიციო ინფრასტრუქტურა სრულად განახლდება. სამუშაოების სავარაუდო ღირებულება, დაახლოებით, 350 მილიონი ლარია.

მთავრობის მეთაურის განმარტებით ახალი მასშტაბური პროექტის პრიორიტეტია სკოლების მშენებლობა და რეაბილიტაცია. დაგეგმილია, რომ 2026 წლის ბოლოსთვის ყველა საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ინფრასტრუქტურულად გამართული იყოს. მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 და რეაბილიტირდება 412 საბავშვო ბაღიც.

იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლების პროგრამის ფარგლებში, მომდევნო 3 წელიწადში 13 000-მდე დევნილი დაკმაყოფილდება საცხოვრებელი ფართით. 6 ათასამდე ოჯახი, ახალაშენებულ კორპუსებში, თანამედროვე სტანდარტების, სრულად გარემონტებულ ბინას მიიღებს. კორპუსების მშენებლობა 2022 წლის გაზაფხულზე თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბორჯომში დაიწყება. ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ პროგრამის მიზანი იძულებით გადაადგილებულებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნაა.

მომდევნო სამ წელიწადში დასრულდება პროექტი, რომლის მიხედვითაც 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება ყველა მუნიციპალიტეტს. პროექტის ღირებულება დაახლოებით 350 მილიონი ლარი იქნება და 2025 წლისთვის დასრულდება. ინფრასტრუქტურის მინისტრი ამბობს, რომ განვადებით მშენებლობის პროგრამის ფარგლებში 2022-2025 წლებში ყველა საინვესტიციო პროექტი დაჩქარებული ტემპით განხორციელდება.

დღის ამბები